ფეხბურთი

20:45 | 15.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩალჰანოღლუ: "არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვინც "მილანიდან" "ინტერში" გადავიდა"

მილანის „ინტერის“ ახალწვეულმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც „მილანიდან“ მტრის ბანაკში გადასვლის შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „როსონერიში“ მისი გუნდში დარჩენა მხოლოდ მთავარ მწვრთნელ სტეფანო პიოლის სურდა.

„გვინდა, რომ სკუდეტო ისევ მოვიგოთ, მინდა ჩემს თანაგუნდელებს დავეხმარო. ყველაფერი ძალიან სწრაფად წარიმართა, პიერო აუზილიომ და სიმონე ინძაგიმ ბევრჯერ დამირეკეს. თავს კარგად ვგრძნობ, როდესაც კლუბისგან ასეთ სურვილს ხედავ, გადაწყვეტილებას ადვილად იღებ.

ფანები გაბრაზდნენ? ეს ნორმალურია, მაგრამ მე არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვინც „მილანიდან“ „ინტერში“ გადავიდა ან პირიქით. „მილანს“ დიდ პატივს ვცემ, იქ 4 სეზონი ვითამაშე, ბევრი რამ გავაკეთე და ყველას პატივს ვცემ. ახლა კი ახალ თავგადასავალს „ინტერთან“ ერთად ვხვდები.

სტეფანო პიოლი ერთადერთი იყო, ვისაც ჩემი „მილანში“ დარჩენა უნდოდა, ბევრჯერ ვესაუბრე, ცდილობდა ჩემს დარწმუნებას, მაგრამ პატივს სცემს გადაწყვეტილებას, რომელიც მივიღე. მან წარმატებები მისურვა. 20 ნომერი ავირჩიე იმიტომ, რომ 10+10=20. ალვარო რეკობას გამო არ ამირჩევია ეს ნომერი, მე ყოველთვის 10 ნომრით ვთამაშობდი, მაგრამ აქ ის ლაუტარო მარტინესის არის და ამიტომ, ავიღე 20“, - თქვა ჩალჰანოღლუმ.

შეგახსენებთ, რომ თურქი ნახევარმცველი „მილანში“ 2017 წლიდან თამაშობდა, ხოლო მანამდე „ლევერკუზენისა“ და „ჰამბურგის“ ღირსებას იცავდა. ჩალჰანოღლუ „ინტერს“ უფასოდ შეუერთდა, რადგან „მილანთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა.

0.114144