იტალიას ეს გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა. კოვიდპამდემიისგან გაწამებული ქვეყანა (გახსოვთ ალბათ, კორონავირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე ყველაზე მძიმე დღეში სწორედ იტალია ჩავარდა) ნელ-ნელ უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას. თითქოს გვირაბის ბოლოს სინათლეც გამოჩნდა და ამ დროს დადებითი ემოციები მალამოსავით ედება მათი მოქალაქეების სულებს.
ალბათ ამიტომაც იყო, 11 ივლისის ღამეს, ინგლისელებთან ევრო 2020-ის ფინალში გამარჯვების შემდეგ, ლამის მთელი ქვეყანა ქუჩაში რომ გავიდა. დილამდე ზეიმობდნენ...
ამ ზეიმის შემოქმედი კი „სკუადრა აძურას“ მთავარი მწვრთნელი, 51 წლის რობერტო მანჩინი გახლავთ. ერთმა ფრანგმა ჟურნალისტმა მოსწრებულად თქვა: მანჩინიმ იტალიის ნაკრებში რენესანსის ეპოქა დაიწყოო...
მართლაც, ნაკრები ძნელბედობისას ჩაიბარა. მაშინ გუნდი 1958 წლის შემდეგ პირველად ვერ მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატზე. ყველა იტალიური ფეხბურთის კრიზისზე ალაპარაკდა. მაგრამ, 2018 წლის 14 მაისს „აძურა“ მანჩინის ჩააბარეს და დაიწყო...
დღეს გუნდი უკვე 34 მატჩია დაუმარცხებელია. ახალგაზრდული, შემტევი, ჟინიანი, პოზიტიური - ასეთი იტალია მანამდე არავის უნახავს. 1968 წლის შემდეგ პირველად აღმართეს ევროპის თასი. ისედაც ბევრი გულშემატკივარი ჰყავდათ მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც. ახლა კი მგონი, რაოდენობა გაორმაგდა.
იტალიას ოთხჯერ მოუგია მსოფლიო ჩემპიონატი სამი მწვრთნელის ხელში, ეს ვიტორიო პოცომ, ენცო ბეარზოტმა და მარჩელო ლიპიმ მოახერხეს. იყო კიდევ ფერუჩო ვალკარეჯი, კაცი, რომელმაც იტალიელები 53 წლის წინათ ევროპის ჩემპიონები გახდა.
მანჩინი კი მეხუთე სპეციალისტია, რომელმაც ნაკრებს დიდი ტურნირი მოაგებინა. არადა, იტალიურ სამწვრთნელო სკოლას უამრავი გენიალური სპეციალისტი ჰყოლია, რომლებმაც უტიტულოდ დაასრულეს კარიერა.
მან უდუიდესი სამუშაო გასწია ტაქტიკურ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მაგრამ რაც მთავარია, შესანიშნავი სელექციონერის თვისებები გამოავლინა. ისეთი ფეხბურთელები მოძებნა საშუალო გუნდებიდან, სხვები ყურადღებასაც არ მიაქცევდნენ. მაგრამ მის ფილოსოფიას და სქემებს მოერგნენ.
ახლა კი იმათზეც ვთქვათ, ვინც მას ეხმარებოდა. ამ სამწვრთნელო შტაბის გარეშე, ალბათ მანჩინი ვერაფერს გახდებოდა.
ჯანლუკა ვიალი, გუნდის კოორდინატორი, მანჩინის ოდინდელი მეგობარია. ისინი ჯერ კიდევ განუმეორებელი „სამპდორიიდან“ მოდიან ერთად. ვიალი იხსენებს, რომ მათ შეკრებებისას თითქმის ყოველთვის ერთ ოთახში ეძინათ.
2018 წლიდან ის პანკრეასის კიბოს ებრძვის. ორჯერ გაიარა ქიმიოთერაპიის კურსი. ძალიან ცუდად იყო და თავი თითქმის გადადებული ჰქონდა. 16 კილოგრამი დაიკლო და რამდენიმე შარვალს და პერანგს იცვამდა, ახლობელებს და მეგობრებს რომ არ შეემჩნიათ სიგამხდრე.
თითქოს დაამარცხა ეს ვერაგი დაავადება, მაგრამ არავინ (მათ შორის თავადაც) იცის კიდევ როდის შეიძლება გაუმეორდეს და რამდენი წელი თუ თვე დარჩა სიცოცხლე. სწორედ ის არის მეგობრული ატმოსფეროს შემქმნელი გუნდში.
გასულ ნოებერს, ერთა ლიგის მატჩში, პოლონელების წუნააღმდეგ, მანჩინის ასისტენტი, ლელე ორიალი შეუძლოდ გახდა და მის მაგიერ სკამზე ადგილი ვიალიმ დაიკავა. სამწვრთნელო სკამზე ის 17 წლის შემდეგ დაბრუნდა. როცა ბურთი აუტზე მის სიახლოვეს გადავარდა, აიღო, აკოცა და შემდეგ დაუბრუნა ფეხბურთელს... ეს იყო სიყვარულისა და მადლიერების ჟესტი, მას ხომ ფეხბურთმა მისცა ყველაფერი: კარიერა, მეგობრები, ცხოვრების აზრი. ამ წამს იგრძნო, რომ ცოცხალი იყო.
ზემოთ გაბრიელე ორიალი ვახსენეთ და ისიც ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდში - 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონი. ბრძენი, დამრიგებელი კაცი.
კიდევ ერთი ყოფილი სამპდორიელი ალბერიგო ევანია. მართალია, მოთამაშეობისას, კიკომ, ასე ეძახიან, 13 წელიწადი „მილანში“ გაატარა და „სამპდორიაში“ კარიერის ბოლოს მოხვდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მანჩინისთან დამეგობრებულიყო.
ის უკვე 11 წელიწადია იტალიის ნაკრების სტრუქტურაში მუშაობს. იუნიორებიდან დაწყებული პირველი გუნდით დამთავრებული. მანჩინი მას 2002-შიც იწვევდა, როცა „ლაციოს“ თავკაცობდა, მაგრამ ალბერიგო იმ ხანად „მილანის“ ახალგაზდებს ავარჯიშებდა და უარი უთხრა. 2007 წელს მათთან ერთად მოიგო კიდეც იტალიის ასაკობრივი ჩემპიონატი.
ასევე, წლეულს მარტიდან, სამწვრთნელო შტაბშია „რომას“ ლეგენდა - დანიელე დე როსი. მას ფეხბურთელების ტექნიკური არსენალის დახვეწა ევალება. ეს ოფიციალურად. სინამდვილეში კი ის გუნდში გლადიატორული სულის გასაღვივებლად მიიყვანეს.
არის კიდევ ერთი კაცი - 68 წლის ჯანი ვიო, ყოფილი ბანკირი. იტალიელთა „საიდუმლო იარაღი.“ პირველად მის შესახებ საზოგადოებამ „ემპოლიში“ მუშაობის დროს შეიტყო, თავისი შავი წიგნაკის წყალობით, სადაც სტანდარტული მდგომარეობების შესრულების 33 ვარიანტი ჰქონდა ჩაწერილი.
The Athletic-ის მიმომხილველი, ჯეიმს ჰორნკასლი, ამტკიცებს, რომ ვიოს მინიმუმ 4830 ტაქტიკური ვარიანტი აქვს დავთარში ჩუმად ჩანიშნული. ერთი ხანი ფსიქოლოგ ალესანდრო ტეტამაცის შეუამხანაგდა და 2004 წელს საერთო წიგნიც გამოსცეს სათაურით: „ეს დამატებითი 30%“.
აი, ასეთია მანჩინის სამწვრთნელო გუნდი - ნაზავი ოჯახური სულისა, კომპეტენციისა და გამოცდილებისა.