საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებმა ფიცი დადეს და ტოკიოს ოლიმპიადაზე გააცილეს. ცერემონიალი ოლიმპიურ პარკში გაიმართა.
საქართველოს დელეგაცია ტოკიოში 35 სპორტსმენით წარდგება და ისინი 11 სხვადასხვა სპორტის სახეობაში მიიღებენ მონაწილეობას. ნიშანდობლივია, რომ თითოეული სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს, 1 მილიონი ლარით დაჯილდოვდება. ეს ინფორმაცია საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ერთ-ერთი ოლიმპიელი ვარ. ძალიან დიდი გზა გავიარეთ ლიცენზიის მოსაპოვებლად, თუმცა, წინ ყველაზე რთული შეჯიბრებები გველის. როგორც თითოეული სპორტსმენი, მეც დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად მოვიპოვებთ მედლებს და საქართველოში გამარჯვებული დავბრუნდებით. პირობას ვდებთ, რომ საქართველო ამდენს ქვეყანას შორის გამორჩეული იქნება“, - აღნიშნა ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ.
ქართველი სპორტსმენების სახელით ფიცი ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა დადო, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მიმართა: „ჩემთვის დიდი პატივია ჩემი მეგობრების, ოლიმპიელ და პარაოლიმპიელ სპორტსმენთა სახელით ფიცი დავდო. ზაფხულის 32-ე ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტსმენები პირობას ვდებთ, რომ ვიასპარეზებთ სამართლიანი თამაშის სულისკვეთებით, ოლიმპიური ქარტიის წესებისა და მსოფლიოს ანტიდოპინგური კოდექსის ყველა მოთხოვნის პატივისცემითა და დაცვით. არ დავზოგავთ ენერგიას და ძალას, შესაძლებლობას და გამოცდილებას, რათა ვაჩვენოთ მაღალი სპორტული შედეგები და წარმატებით დავიცვათ ქართული სპორტის ღირსება და საერთაშორისო ავტორიტეტი“.
გარდა ამისა, 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე ტოკიოში პარაოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან სპორტის 6 სახეობაში 16 სპორტსმენი იასპარეზებს და საქართველოს მედროშე პარაფარიკაობაში მსოფლიოს ჩემპიონი ირმა ხეცურიანი იქნება.
რაც შეეხება ოლიმპიურ ნაკრებს, საქართველოს ორი მედროშე ჰყავს ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე. საქართველოს ოლიმპიური ნაკრები ტოკიოში ასეთი შემადგენლობით იასპარეზებს:
ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), გოგა ჩხეიძე (ძალოსნობა), შოთა მიშველიძე (ძალოსნობა), ანტონ პლესნო (ძალოსნობა), ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა), სახილ ალახვერდოვი (კრივი), ესკერხან მადიევი (კრივი), გიორგი ხარაბაძე (კრივი), გოგიტა არქანია (კარატე), მარიამ იმნაძე (ცურვა), დავით აბესაძე (ცურვა), ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა), ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), გიორგი მელია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა), ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი), სოფიკო შათირიშვილი (მძლეოსნობა), ბაჩანა ხორავა (მძლეოსნობა), ბენიკ აბრამიანი (მძლეოსნობა), გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა), ლაშა ღელელაური (მძლეოსნობა), ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (ძიუდო), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო), ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო), ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო), ლაშა ბექაური (ძიუდო), ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო), გურამ თუშიშვილი (ძიუდო), ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო), სალომე ფაჟავა (მხატვრული ტანვარჯიში).
შეგახსენებთ, ტოკიოს ზაფხულის 32-ე ოლიმპიური თამაშები 24 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.