ფეხბურთი

11:06 | 10.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

გარეთ საუთგეიტი: "ფინალი იმისთვისაა, რომ მოიგო"

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა იტალიის ნაკრებთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. ინგლისელი სპეციალისტის განცხადებით, ფინალი მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ გამარჯვება მოიპოვო და დარწმუნებულია, რომ ევრო 2020-ის ფინალში საუკეთესო გუნდები გავიდნენ.

„მოხარულები ვართ, რომ ფინალში გავედით, კარგი გზა გავიარეთ, მაგრამ ახლა წინ ფინალია. ფინალში თამაში კი ნიშნავს, რომ ვალდებული ხარ ის მოიგო. ბედნიერი ვართ, რომ აქამდე მოვედით, მაგრამ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მიზანს მივაღწიეთ, ჩვენი ამბიცია და რწმენა მოედანზე თასის აღსამართად გასვლაა.

იტალია არის გუნდი, რომელმაც ბევრი რეკორდი დაამყარა. დიდი ხარისხი აქვთ და შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ, ფრთხილად უნდა ვიყოთ. კარგად ვიცი, როგორი სამუშაო გასწია, ვიცი, რომ ისინი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერგასვლით ძალიან იმედგაცრუებულები იყვნენ. იტალია ისტორიით სავსე ქვეყანაა, დიდ ტურნირებზე 12 ნახევარფინალი და 10 ფინალი ითამაშა. ჩვენ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, რომ მათ გავუთანაბრდეთ. მათ აქვთ მკაფიო ორგანიზებულობა, ტაქტიკურად მზად არიან, იტალიელები ყოველთვის ასე არიან. დარწმუნებული ვარ, ფინალში საუკეთესო გუნდები გავიდნენ და ვინც უკეთ ითამაშებს, ის გაიმარჯვებს.

წნეხი? არა, სახლში თამაში პრივილეგიაა. რომში თამაში მომეწონა, მნიშვნელოვანი იყო ინგლისის დატოვება, მიუხედავად იმისა, რომ „უემბლიზე“ დაბრუნება ბრწყინვალე იყო. ბოლო ორ თამაშში ამ სტადიონზე წარმოუდგენელი ენერგია მოგვცა. იტალიელი გულშემატკივრებიც იქნებიან და ბედნიერი ვარ, რადგან კარგი ატმოსფერო შეიქმნება“, - თქვა საუთგეიტმა.

შეგახსენებთ, რომ იტალია - ინგლისის ფინალური შეხვედრა 11 ივლისს გაიმართება.

0.115001