ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალშია - ისტორიაში პირველად. ევრო 2020-ის მეორე ნახევარფინალურ მატჩში გარეთ საუთგეიტის გუნდმა დანიის ნაკრებს უმძიმეს ბრძოლაში მოუგო.
ინგლისი დანიასთან შინ თამაშობდა და ფავორიტადაც მიიჩნეოდა, მაგრამ ძალიან გაუჭირდა და სკანდინავიელები პირველ ტაიმში უკეთესები თუ არ იყვნენ, მეტოქეს არც არაფრით ჩამოუვარდებოდნენ.
ლოგიკურიც იყო, რომ ანგარიში დანიამ გახსნა. 30-ე წუთზე დამსგორმა დიდებულად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ჯორდან პიკფორდმა რეაგირება დააგვიანა. შედეგად, ინგლისმა ევრო 2020-ზე პირველი გოლი გაუშვა, თუმცა მდევრის როლში დიდი ხანი არ ყოფილა. ტაიმის მიწურულს მარჯვენა ფლანგიდან ბუკაიო საკამ იაქტიურა და რაჰიმ სტერლინგს გაუკეთა პასი, რომელიც მზად იყო გაეტანა, მაგრამ სიმონ კიაერმა დაასწრო და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ტაიმი ფრედ დასრულდა, ხოლო მეორე ნახევარში ინგლისი უპირატესობას დაეუფლა. შესანიშნავი იყო კასპერ შმეიხელი, რომელმაც არაერთხელ იხსნა თავისი გუნდი. ინგლისელთა მცდელობებს შესვენების შემდეგ შედეგი არ გამოუღია და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.
დამატებით დროში გარეთ საუთგეიტმა ფილ ფოდენი ჩართო თამაშში, რომელიც ძალიან კარგად შევიდა და შეტევა კიდევ უფრო გაამწვავა. ინგლისელთა ზეწოლა იზრდებოდა და დანიას სულ უფრო და უფრო უჭირდა თავის დაცვა. 104-ე წუთზე კი დანი მაკელიემ დანიელთა კარში პენალტი დანიშნა. რაჰიმ სტერლინგი წაიქცა საჯარიმოში, თუმცა მსაჯის გადაწყვეტილება კამათს მაინც იწვევდა. ასე იყო თუ ისე, პენალტი ძალაში დარჩა, რომელიც ჰარი კეინმა ვერ გაიტანა, შმეიხელმა აჯობა, მაგრამ დამატებაზე ინგლისელ ფორვარდს გაუმართლა და გამარჯვების გოლი გაიტანა.
მეორე დამატებით დროში დანიამ შეტევა სცადა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა აღარ ჰქონდა, რადგან ბევრი ენერგია დახარჯა და ამასთან თამაშის მიმდინარეობისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა ტრავმის გამო გამოეცალა. ინგლისმა მოიგო და ფინალში 11 ივლისს, „უემბლიზე“ იტალიის ნაკრებს შეხვდება.
ინგლისის ნაკრები პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში და ზოგადად, დიდ ტურნირზე, მეორედ უწია გადამწყვეტ შეხვედრას - პირველად ეს 1966 წელს მოხდა, როცა მუნდიალის ფინალში გერმანიის ნაკრებს „უემბლიზე“ დაუხვდა.
ამჯერად მისი მეტოქე იტალია იქნება და ორივე გუნდი კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც მთავარია მონატრებულია დიდ ტრიუმფს და წესით წინ მაგარი დაპირისპირება გველოდება.
ინგლისი - დანია 2:1 დ.დ (1:1)
ლონდონი, „უემბლი“
ინგლისი (4-2-3-1): პიკფორდი; უოლკერი, სტოუნსი, მაგუაირი, შოუ; ფილიპსი, რაისი (ჰენდერსონი 95); საკა (გრილიში 69, ტრიპიერი 106), მაუნთი (ფოდენი 95), სტერლინგი; კეინი
მწვრთნელი: გარეთ საუთგეიტი
დანია (3-4-3): შმეიხელი; კრისტენსენი (ანდერსენი 79), კიაერი, ვესტერგორი (ვინდი 105); ლარსენი (ვასი 67), დილეინი (იენსენი 88), ჰოიბერგი, მაელე; ბრაითვაითი, დოლბერგი (ნორგორი 67), დამსგორი (პოულსენი 67)
მწვრთნელი: კასპერ ჰიულმანდი
გოლები: 0:1 დამსგორი (30), 1:1 კიაერი (39, ა.გ), 2:1 კეინი (104)
გაფრთხილება: მაგუაირი (49) - ვასი (72)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (10) – 5 (3) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 0:1
მსაჯი: დანი მაკეილე (ნიდერლანდები)