ბაქოს „ნეფთჩის“ მთავარმა მწვრთნელმა სამირ აბასოვმა „დინამო თბილისთან“ მატჩის (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. აზერბაიჯანელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა დავალებები შეასრულა და იმ მიზანს მიაღწია, რომელიც დასახული ჰქონდა.
„ვიცოდით, რომ თამაში დაძაბული იქნებოდა. თუმცა, ჯერ არაფერი დასრულებულა, წინ საპასუხო თამაშია. მეტოქე ყოველმეოთხე დღეს თამაშობდა და კარგ ფორმაში იყო, ხოლო ჩვენ მხოლოდ ორი ამხანაგური მატჩი გვქონდა ჩატარებული. დღეს აუცილებელი იყო ხასიათის სიმყარე, სიმშვიდის შენარჩუნება და ბოლომდე დახარჯვა. დავალება, რომელიც გუნდს ჰქონდა, ბიჭებმა ბოლომდე შეასრულეს და შესაბამისად, მივიღე შედეგი, რისთვისაც აქ ჩამოვედით. ბაქოში ჩვენი მიზანია, რომ საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ და მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. რა თქმა უნდა, ბაქოში ასეთ სტილში ვერ ვითამაშებთ, ეს გასვლითი მატჩი იყო, იქ კი უფრო მეტად უნდა შევუტიოთ და ბურთი უფრო მეტად უნდა გვქონდეს. გოლის შემდეგ დაცვაში კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ მეორე ტაიმში სიტუაცია გამოვასწორეთ. მეტოქემ შეცვლებით თამაში გააძლიერა, ჩვენ ამის საშუალება არ გვქონია და კლუბის ხელმძღვანელობამ ამ პრობლემაზე უნდა იფიქროს“, - თქვა აბასოვმა.
შეგახსენებთ, საპასუხო მატჩი ამ გუნდებს შორის ზუსტად ერთ კვირაში 14 ივლისს, ბაქოში გაიმართება.