ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ ესპანურ გამოცემა As-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ევრო 2020-ის ნახევარფინალური დაპირისპირების, იტალია - ესპანეთის მატჩის შესახებ ისაუბრა.
„იტალია და ესპანეთი არ იყვნენ ფავორიტებს შორის, მაგრამ ტურნირის მთავარი გმირები არიან. იტალიამ „როხაზე“ უკეთესი თამაში აჩვენა, მაგრამ ორივე გუნდის დონე მსგავსია.
ევრო 2008-ზე პენალტების სერიაში მარცხი? წლების განმავლობაში ტკივილი განელდა, იმიტომ, რომ მივხვდი, რომ პენალტების სერიაში წავაგეთ გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც შემდეგ ისტორია შექმნა. მთელი ძალით ვიბრძოდი, რომ ევროპის ჩემპიონატი მეთამაშა, იმ სეზონში სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გავხდი და ძალიან მინდოდა ევროპის ჩემპიონატზე თამაში. ეს მატჩი რომ მოგვეგო, ალბათ ბოლომდე მივიდოდით, მაგრამ საბოლოოდ წავაგეთ ლეგენდარული ესპანეთის წინააღმდეგ. მე ბოლო პენალტს ხშირად ვასრულებდი, როგორც სპეციალისტი ხშირად მეხუთე დამრტყმელი ვიყავი და ასე იყო მაშინაც, მაგრამ სამწუხაროდ, სერია მანამდე დასრულდა, სანამ ჩემი ჯერი მოვიდოდა.
ესპანეთის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე იმაზე ნაკლები ქულა დააგროვა, ვიდრე დაიმსახურა. ფიზიკურად ძლიერი გუნდია, რომელიც ბურთს ძალიან კარგად ფლობს. ჩემთვის გასაკვირია გუნდის ნახვა, რომელშიც „რეალის“ არცერთი ფეხბურთელია, მაგრამ ვფიქრობ, ეს მხოლოდ გარდამავალი ეტაპია.
მორატა? მას მწვრთნელი არამარტო გოლების გამო, არამედ იმიტომ ენდობა, რასაც მოედანზე აკეთებს. ნაკრებში კრიტიკა ხშირია, რომელიც შემდეგ ქებად გადაიქცევა. მინდა, რომ მან გოლი გაიტანოს, მაგრამ ესპანეთი შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდეს.
ბონუჩი და კიელინი? ისინი მაღალ დონეზე სტაბილურად თამაშის ორი შესანიშნავი მაგალითია. ბელგიის წინააღმდეგ იდეალურები იყვნენ, ხელმძღვანელობდნენ თანაგუნდელებს, ემოციურ მუხტს გადასცემდნენ მათ, ვისაც ამ დონის მატჩებში არასდროს უთამაშიათ“, - თქვა დელ პიერომ.
შეგახსენებთ, რომ იტალია - ესპანეთის მატჩი 6 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.