საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი დავით ხოჭოლავა „კოპენჰაგენში“ გადავიდა, რომელთაც კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა. დანიური გუნდის მთავარი მწვრთნელია იეს თორუპი, რომელიც თავის დროზე „გენტში“ გიორგი ჩაკვეტაძესა და გიორგი ქვილითაიას ავარჯიშებდა.
დანიელმა სპეციალისტმა ხოჭოლავაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხოჭოლავა ძალიან კარგია ერთ-ერთზე თამაშის დროს და სისწრაფითაც გამოირჩევა.
„დავიმატეთ მცველი, რომელიც ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ასევე კარგია ორთაბრძოლებისას, მაგრამ სწრაფიც არის. ჩვენ შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ და ამიტომ გვჭირდება მცველები, რომლებიც ძლიერები არიან ერთი-ერთზე თამაშში და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება შეუძლიათ. გარდა ამისა, ჩვენს მცველებს უნდა შეეძლოთ ბურთის წინ ამოტანა და ის თვისებები, რომელიც დავითს აქვს, გამოგვადგება. მას ნახევარდაცვაშიც უთამაშია და ეს უნარები ნამდვილად გააჩნია“, - თქვა იეს თორუპმა.
კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კომენტარი ქართველმა ფეხბურთელმაც გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ სხვა წინადადებებიც ჰქონდა, მაგრამ „კოპენჰაგენი“ მისთვის ყოველთვის პირველი არჩევანი იყო.
„ნამდვილად ბედნიერი ვარ, საბოლოოდ რომ აქ ვარ. „კოპენჰაგენი“ დიდი კლუბია, რომელსაც ძალიან ლამაზი ისტორია აქვს, ევროპაშიც. დიდი ხანია ვიცოდი ინტერესის შესახებ და მიუხედავად იმისა, რომ სხვა კლუბების ინტერესიც არსებობდა, „კოპენჰაგენი“ ჩემთვის პრიორიტეტული იყო. ვაკვირდებოდი გუნდის თამაშებს და ვიცი, რომ მაღალი ხარისხის თანაგუნდელები მყავს. მოუთმენლად ველოდები მათ გაცნობას და გუნდთან შეხვედრას“, - აღნიშნა ხოჭოლავამ.
შეგახსენებთ, დავით ხოჭოლავა დონეცკის „შახტარში“ 2017 წლიდან თამაშობდა და 83 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა. სამჯერ გახდა უკრაინის ჩემპიონი, ითამაშა ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგაზე.