სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

13:22 | 7.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანაკრებო მატჩებს კარგ ფორმაში ხვდებიან

მორიგი მატჩები გამართეს ევროპაში მოთამაშე ქართველი ხელბურთელების კლუბებმა. თამაშებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სანაკრებო მატჩებს ჩვენები კარგ ფორმაში ხვდებიან. ქართველების უმეტესობა საკუთარი კლუბის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო.

მაკედონიაში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო ზომიმაკ სტრუმიცამ. ლიდერებმა შინ დაამარცხეს ოხრიდი - 28:19, ხოლო რევაზ ჭანტურიამ 7 გოლი გაიტანა.

რუმინეთში შვიდიდან მესამე თამაში მოიგო ტიმიშოარას პოლიტექნიკამ და რვაგუნდიან პლეიოფში გასასვლელად იბრძვის. ტიმიშოარელებმა სტუმრად დაამარცხეს ტარგუ ჟიუ - 31:28, ხოლო ირაკლი ჩიქოვანი დემის გრიგორაშთან ერთად ყველაზე შედეგიანი იყო თავის გუნდში - ორივემ 6 გოლი გაიტანა.

ორშაბათს გაიმართა ტურის ბოლო მატჩი - ოდორჰეიმ უმასპინძლა შტიინცა ბაკეუს, ხოლო ვლადიმერ რუსიასა და შოთა თევზაძეს თავიანთი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მოუხდათ თამაში. ორივე ქართველი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო. თევზაძემ საწყისი 20 წუთი ითამაშა - ეს მონაკვეთი სტუმრების უპირატესობით წარიმართა და ისინი დაწინაურდნენ კიდეც - 7:3.

ოდორჰეიმ შესვენებაზე სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა - 12:13, მაგრამ მეორე ტაიმის 23-ე წუთზე წინ ისევ ბაკეუ იყო - 27:21. ამის შემდეგ გოლები მხოლოდ მასპინძლებმა გაიტანეს და ბოლო წამებზე გაათანაბრეს კიდეც ანგარიში - 27:27. რუსიამ 2 გოლი გაიტანა, ხოლო ბაკეუს შემადგენლობაში თამაშობდა საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქის, ესტონეთის ეროვნული გუნდის ორი მოთამაშე - გამთამაშებელი მარტინ იოჰანსონი (3 გოლი) და მარცხენა გარემარბი მიკ პინონენი (1). ესტონეთს 29 ოქტომბერს ვეთამაშებით ტალინში და 3 ნოემბერს – თბილისში.

რუმინეთის ჩემპიონატს 7 მატჩიდან 18 ქულით (6 მოგება) ლიდერობს ბაია მარე, მეორე ადგილზეა მოქმედი ჩემპიონი კონსტანცა – 16 (7 თამაში, 5 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება), ოდორჰეის 6 მატჩიდან 4 მოგება და 2 ფრე აქვს და 14 ქულით მესამეა. ტიმიშოარა მეშვიდე ადგილზეა 9 ქულით.

თურქეთში სამი მატჩიდან მეორე თამაში წააგო ტრაბზონსფორმა – სტუმრად მილი პიანგოსთან – 25:26, რატი მსხვილიძე კი კიდევ ერთხელ გახდა თამაშის საუკეთესო ბომბარდირი 11 გოლით (28 გოლი 3 თამაშში). ითამაშა მეკარე გიგა ტორონჯაძემაც. ტრაბზონში გასინჯვაზეა მესამე ქართველიც – ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებებისა და სტუ-ს უკანახაზელი, 20 წლის ზურაბ სიმონია.

სიმონიას თანაგუნდელი და თანატოლი, მარცხენა გარემარბი ზურაბ აბრამიშვილი სინჯებზეა ირანში, ქალაქ თავრიზის გუნდში, სადაც ნაკრების გამთამაშებელი, აკაკი ტალახაძე თამაშობს.

და ბოლოს, ახალგაზრდული ნაკრებისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდის 18 წლის შუამარბი, თემურ ორჯონიკიძე სტაჟირებაზე იყო სლოვენიის კლუბ ცელიეში. ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდთან თითქმის ერთთვიანი ვარჯიშს შემდეგ გადაწყდა, რომ სლოვენიელები ქართველ ახალგაზრდას ერთი წლის შემდეგაც გამოიძახებენ და მაშინ გადაწყვეტენ, ჩარიცხონ თუ არა მთავარ გუნდში.

www.geohandball.ge

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.11807