ბელგიის ნაკრების მეკარის, ტიბო კურტუას დამ, ვალერია კურტუამ იტალიის ნაკრების მცველ ლეონარდო სპინაცოლას ბოდიში მოუხადა. საქმე ისაა, რომ ამ გუნდების მატჩის ბოლოს იტალიელმა ტრავმა მიიღო და კარგა ხანი მინდორზე იმყოფებოდა, რის გამოც ბელგიელებმა მიიჩნიეს, რომ მას დრო გაჰყავდა.
კურტუას დამ კი სოციალურ ქსელში დაწერა: „ეს ყველაფერი ხრიკებია“. თუმცა, სპინაცოლას დრო არ გაჰყავდა, მან უმძიმესი ტრავმა მიიღო და 6 თვე ვერ ითამაშებს. ტიბოს დას კი ამის გამო ბოდიშის საჯაროდ მოხდა მოუწია.
„ძალიან სამწუხარო იყო, როდესაც გავიგე, რომ სპინაცოლასთვის ევროპის ჩემპიონატი ასე დასრულდა. ბოდიშს ვიხდი ჩემი რეაქციისთვის, რომელიც თამაშის შემდეგ მქონდა და იმედი მაქვს, რომ სწრაფად გამოჯანმრთელდება“, - თქვა ვალერიამ.
აღსანიშნავია, რომ მატჩის დასრულების შემდეგ თვითონ ტიბო კურტუამაც სოციალური ქსელის სთორიში გამოაქვეყნა სპინაცოლას მიმართ კრიტიკული პოსტი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ფანებმა ბელგიელი კიპერი გააკრიტიკეს, სთორი წაშალა. სპინაცოლას ბელგიელი ფანები სტადიონზე უსტვენდნენ და სხვადასხვა ნივთებიც ესროლეს.
ფაქტია, რომ ბელგიელების, როგორც ფეხბურთელების, ისე ფანების რეაქცია სწორი არ იყო და იტალიელ ფეხბურთელს დრო არ გაჰყვადა. შეგახსენებთ, რომ „სკუადრა აძურამ“ ბელგიის ნაკრები 2:1 დაამარცხა.