ავტოსპორტი

21:58 | 4.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენმა ავსტრიის დიდი პრიზი მოიგო
ჰამილტონი პოდიუმის მიღმა დარჩა

მაქს ფერსტაპენის შეჩერება შეუძლებელია. ავსტრიაში მან მეორე რბოლაც მოიგო. ამჯერად ავსტრიის დიდი პრიზის რბოლაში გაიმარჯვა და ლუის ჰამილტონთან უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის და „მერსედესის“ კრიზისი კი გრძელდება.

სეზონის დასრულებამდე ჯერ დიდი დროა, მაგრამ ახლავე შეიძლება ითქვას, რომ არ ჩანს საშუალება, რომელიც გერმანულ გუნდს, ჩამორჩენის ლიკვიდირების შესაძლებლობას მისცემს. მითუმეტეს, მისი შეფი ირწმუნება, რომ სამქიმიანებისთვის ახლა მთავარი საზრუნავი, ახალი რეგლამენტისთვის მზადებაა.

ფერსტაპენმა ფინიშთან 18 წამით მიასწრო მეორეზე გასულ ვალტერი ბოტასს, მესამე ადგილი კი ლანდო ნორისმა დაიკავა, ვინც ბოტასს 2 წამზე მეტით ჩამორჩა. და შესაძლოა, მეორეც ყოფილიყო, რომ არა 5-წამიანი ჯარიმა, რომელიც მსაჯებმა სერხიო პერესთან, რბოლის დასაწყისში მომხდარი ინციდენტის გამო მიუსაჯეს.

მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა ჰამილტონი, ვისაც პირველი პიტ სტოპიდან მალევე, მანქანის უკანა ბორბლების ჩაჭიდება გაუუარესდა. როგორც მალევე გაირკვა, ეს მე-10 მოსახვევში, კერბზე გავლისას მოხდა, როცა მანქანის ძირი დაზიანდა. საბოლოოდ, მას ბოტასმა და ნორისმა გაასწრეს.

თავიდან ბოტასს გუნდმა სთხოვა, რომ ჰამილტონთან პოზიციის მოსაგებად არ ებრძოლა, მაგრამ ფინელს მალე ნორისი დაეწია, რამაც სამქიმიანებს პოზიცია შეაცვლევინა. და მათ ჰამილტონს ფინიშამდე 19 წრით ადრე სთხოვეს, ბოტასისთვის გზა დაეთმო. მალე მას ნორისმაც გაასწრო.

ამგვარად, უკვე ხუთი რბოლაა, ჰამილტონი მოგებას ვერ ახერხებს. მისგან განსხვავებით, სეზონის პირველ ცხრა რბოლაში, ფერსტაპენმა მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. მის ლიდერობას რბოლის დასაწყისში მხოლოდ ნორისი დაემუქრა, მაგრამ ჰოლანდიელმა ადვილად მოიგერია და ამის შემდეგ, ახლოს არავინ გაიკარა.

საინტერესოა, რომ ისეთივე ინციდენტი, როგორიც ნორისთან ჰქონდა, პერესს ორჯერ შარლ ლეკლერთანაც შეემთხვა. ოღონდ, ამჯერად მსაჯებმა მექსიკელი დააჯარიმეს - თითოეულ შემთხვევაზე, 5-წამიანი ჯარიმა გამოუწერეს, რაც საბოლოოდ, ერთი ადგილის დაკარგვად (კარლოს საინსთან) დაუჯდა.

ქულამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა ჯორჯ რასელს, ვისაც რბოლის მიწურულს, ფერნანდო ალონსომ გაასწრო. ნებისმიერ შემთხვევაში, ბრიტანელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ „მერსედესში“ გადასვლას იმსახურებს. ბოლო წრეზე, მისი გასწრება კიმი რაიკონენმაც სცადა, მაგრამ ვერ შეძლო და ტემპი დაუვარდა. ამით სარგებლობა სებასტიან ფეტელმა სცადა, მაგრამ ეს ყველაფერი, რაიკონენთან შეჯახებით დასრულდა...

ავსტრიის დიდი პრიზი

შპილბერგი, დისტანცია 306.452 კმ (4.318 კმ, 71 წრე)

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:23'54.543
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 17.973
  3. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 20.019
  4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 46.452
  5. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 57.144
  6. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 57.915
  7. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1'00.395
  8. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1'01.195
  9. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1'01.844
  10. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1 წრე
  11. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1 წრე
  12. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1 წრე
  13. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1 წრე
  14. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1 წრე
  15. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1 წრე
  16. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
  17. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 2 წრე
  18. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 2 წრე
  19. ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 2 წრე
  20. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 70 წრე

უსწრაფესი წრე: მაქს ფერსტაპენი - 1:06.200 (62-ე წრე)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. მაქს ფერსტაპენი - 182 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 150; 3. სერხიო პერესი - 104; 4. ლანდო ნორისი - 101; 5. ვალტერი ბოტასი - 92; 6. შარლ ლეკლერი - 62; 7. კარლოს საინსი - 60; 8. დანიელ რიკარდო - 40; 9. პიერ გასლი - 39; 10. სებასტიან ფეტელი - 30; 11. ფერნანდო ალონსო - 20; 12. ლანს სტროლი - 14; 13. ესტებან ოკონი - 12; 14. იუკი ცუნოდა - 9; 15-16. კიმი რაიკონენი და ანტონიო ჯოვინაცი - 1; 17-20. ჯორჯ რასელი, ნიკოლას ლატიფი, მიკ შუმახერი და ნიკიტა მაზეპინი - 0

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. რედ ბულ-ჰონდა - 286 ქულა; 2. მერსედესი - 242; 3. მაკლარენ-მერსედესი - 141; 4. ფერარი - 122; 5. ალფატაური-ჰონდა - 48; 6. ასტონ მარტინ-მერსედესი - 44; 7. ალპინ-რენო - 32; 8. ალფა რომეო-ფერარი - 2; 9. უილიამს-მერსედესი და ჰაას-ფერარი - 0

0.147123