იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ბელგიასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა გამარჯვება დაიმსახურა და შესანიშნავი თამაში ჩაატარა.
„გამარჯვება დავიმსახურეთ, ბიჭები არაჩვეულებრივები იყვნენ. ბოლო 10 წუთი გაგვიჭირდა, რადგან ნამდვილად დაღლილები ვიყავით, მაგრამ უფრო მეტი გოლის გატანა შეგვეძლო. თავიდან გაგვიჭირდა? არა. ეს იყო ღია თამაში და ბოლოს გაგვიჭირდა, რადგან ძალიან ბევრი ძალა დავხარჯეთ.
ნახევარფინალი? ჩვენ მინიმალურ შედეგზე არ ვფიქრობთ, საქმეს მხოლოდ მაქსიმუმისთვის ვაკეთებთ. გზა ჯერ კიდევ ძალიან გრძელია, ვნახოთ, რა მოხდება. ესპანეთი? ახლა ამ მოგებით უნდა დავტკბეთ, შემდეგ ვიფიქრებთ. ბიჭებს ვულოცავ, ისინი ძალიან კარგები იყვნენ. შესანიშნავი თამაში იყო, უფრო მეტიც დავიმსახურეთ. ბელგია ძალიან ძლიერი გუნდია, ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ. სპინაცოლა? იმედია, სერიოზული არაფერია, მაგრამ ტრავმის დინამიკა პოზიტიური არ არის“, - თქვა მანჩინიმ.
შეგახსენებთ, იტალიის ნაკრები ნახევარფინალში 6 ივლისს, ლონდონში, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.