ფეხბურთი

1:03 | 3.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

სხვა იტალია: "სკუადრა აძურას" რეკორდი და ნახევარფინალი ევრო 2020-ზე

იტალიის ნაკრების ევრო 2020-ის ნახევარფინალშია! „სკუადრა აძურამ“ მეოთხედფინალში ბელგიის ნაკრებიც დაამარცხა და შესანიშნავად ასპარეზობას აგრძელებს.

რობერტო მანჩინის გუნდმა დამსახურებულად მოიგო. იმის მიუხედავად, რომ საგოლე მომენტები ბელგიის ნაკრებსაც ჰქონდა, იტალიელთა გამარჯვების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება წარმოუდგენელია.

კევინ დე ბრუინმა ითამაშა, მაგრამ ცუდად. ბელგიელთა ლიდერმა მატჩის დასაწყისში შეძლო ერთადერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდის შექმნა, როდესაც ჯანლუიჯი დონარუმამ ლამაზი სეივით გადაარჩინა თანაგუნდელები. მერე კი, ბელგიელთა ლიდერი ჩრდილში იყო. მალევე დონარუმა კიდევ ერთხელ იყო შესანიშნავი და ამჯერად რომელუ ლუკაკუს აჯობა. აი, მერე იტალია დაეუფლა უპირატესობას და შედეგიც მიიღოს.

31-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა. ნიკოლო ბარელამ საჯარიმოში დიდებულად ითამაშა, სამ მცველს დაუსხლტდა და ტიბო კურტუას შორეულ კუთხეში გაუტანა. ტაიმის ბოლოს კი ლორენცო ინსინიემ შედევრი შექმნა. საჯარიმოს მისადგომებიდან მან დიდებულად დაარტყა და - 2:0. ბელგიამ ერთ წუთში შეამცირა სხვაობა. სლავკო ვინჩიჩმა საკმაოდ საკამათო პენალტი დანიშნა, რომელიც რომელუ ლუკაკუმ ზუსტად შეასრულა და ბელგია თამაშში დაბრუნდა.

მეორე ტაიმში სწორედ ლუკაკუს ჰქონდა ყველაზე კარგი შანსი, რომლის სუსტ დარტყმას ცარიელ კარში ლეონარდო სპინაცოლა გადაეღობა. იტალიელთა მარცხენა მცველი, რომელიც დიდებულ ფორმაში იყო, 77-ე წუთზე სერიოზულად დაშავდა და საკაცით გაიყვანეს მოედნიდან. სავარაუდოდ, მისთვის ევრო 2020 დასრულდა, რაც იტალიისთვის დიდი დანაკლისია. მანჩინის გუნდსაც ჰქონდა მეორე ტაიმში შანსები, მაგრამ ვერ გამოიყენა. საბოლოოდ, ბოლო წუთებში თავი კარგად დაიცვა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა - 2:1.

იტალიის ნაკრები პირველია ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 15 თამაში მოიგო ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაწყებული და ევროპის ჩემპიონატით გაგრძელებული. ამასთან, ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ 5 გამარჯვებაზე მეტი არავის მოუპოვებია, მხოლოდ საფრანგეთს, ნიდერლანდებს და ჩეხეთს აქვთ იგივე გაკეთებული.

იტალიის ნაკრები ევრო 2020-ის ნახევარფინალში 6 ივლისს, ლონდონში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ბელგია - იტალია 1:2 (1:2)

მიუნხენი, „ალიანს არენა“

ბელგია (3-4-2-1): კურტუა; ალდერვეირელდი, ვერმაელენი, ვერტონგენი; მუნიე (შადლი 69, პრატი 73), ტილემანსი (მერტენსი 69), ვიტსელი, ტ. აზარი; დე ბრუინი, დოკუ; ლუკაკუ

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

იტალია (4-3-3): დონარუმა; დი ლორენცო, ბონუჩი, კიელინი, სპინაცოლა (ემერსონი 79); ბარელა, ჟორჟინიო, ვერატი (კრისტანტე 74); კიეზა (ტოლოი 90), იმობილე (ბელოტი 74), ინსინიე (ბერარდი 79)

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

გოლები: 0:1 ბარელა (31), 0:2 ინსინიე (44), 1:2 ლუკაკუ (45, პენ)

გაფრთხილება: ტილემანსი (21) - ვერატი (20), ბერარდი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (3) – 10 (3) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 9:5 თამაშგარე: 1:2

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): ლორენცო ინსინიე (იტალია)

მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)

0.215712