იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ევრო 2020-ის მეოთხედფინალში ბელგიასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მეტოქე ძალიან ძლიერია, მაგრამ იტალია ისე ითამაშებს, როგორც აქამდე თამაშობდა.
„შემადგენლობა? ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილება არ მიმიღია, არჩევანის გაკეთება გვიწევს, მაგრამ კარგ მდგომარეობაში ვართ, მხოლოდ 1-2 პოზიციაზე არაა გადაწყვეტილი ვინ ითამაშებს. ბელგია შესანიშნავი გუნდია, ბოლო სამი წელია რეიტინგის სათავეშია. ისინი დე ბრუინისა და აზარის მდგომარეობაზე ინფორმაციას მალავენ? ეს სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია, მნიშვნელოვანი მატჩისთვის ემზადებიან, როგორც ჩვენ. იმედი მაქვს, რომ ორივე ითამაშებს, რადგან ეს ყველასთვის დიდი თამაშია. გულშემატკივრებს ლამაზი მატჩები იმიტომ უყვართ, რომ მოედანზე საუკეთესო ფეხბურთელები არიან. ცხადია, ჩვენთვის ეს უფრო მეტ პრობლემას გააჩენს, მაგრამ მოედანზე საუკეთესო მოთამაშეები უნდა იყვნენ და ფეხბურთის სილამაზეც ეს არის.
ავსტრია? ვიცოდით, რომ სირთულეები გვექნებოდა. უდავოა, რომ გაგვიჭირდა, მაგრამ კარისკენ 26-ჯერ დავარტყით და დამსახურებულად მოვიგეთ. ამ ევროპის ჩემპიონატზე მარტივი თამაშები არ ჩატარებულა, უკვე გავარდნენ საფრანგეთი, ნიდერლანდები და პორტუგალია.
ბელგია? საფრანგეთთან ერთად მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, მაგრამ ჩვენ ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ, როგორც ყოველთვის. მეტოქის პატივს ვცემთ, ვიცით, ვის ვეთამაშებით, მაგრამ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ. ბადე? ჩვენი ბადე უფრო რთულია, მაგრამ როგორც ვთქვი, ადვილი თამაშები არ არსებობს. ჩვენს ხარისხში დარწმუნებულნი ვართ“, - თქვა მანჩინიმ.
შეგახსენებთ, რომ ბელგიისა და იტალიის ნაკრებების მატჩი 2 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.