"მანჩესტერ იუნაიტედი" და "დორტმუნდი" ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერზე შეთანხმდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, გერმანელები ტრანსფერის სანაცვლოდ 73 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებენ.
თავდაპირველად მოლაპარაკება 85 მილიონზე დაიწყო, თუმცა საბოლოოდ მხარეები 73 მილიონზე შეთანხმდნენ. ასევე, "წითელი ეშმაკები" ამ გარიგებამდე ფეხბურთელს უკვე მოელაპარაკნენ და წინასწარი ინფორმაციით, სანჩო ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. აღნიშნული ტრანსფერი კი ოფიციალურად ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დადასტურდება.
ინგლისელი ფეხბურთელი "დორტმუნდმა" 2017 წელს "მანჩესტერ სიტის" ახალგაზრდული გუნდიდან დაიმატა. მას შემდეგ სანჩომ საკლუბო დონეზე 137 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 50 გოლი და 64 საგოლე გადაცემა შეასრულა. გასულ სეზონში ჯეიდონმა 38 შეხვედრაში თავი 16 გოლით და 20 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება გასული სეზონის ბოლოს 100 მილიონ ევროს შეადგენდა.