ესპანეთის ნაკრების მცველმა აიმერიკ ლაპორტმა საფრანგეთის ნაკრებზე უარის თქმის მოტივებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, დეშამს მესიჯი გაუგზავნა, მაგრამ პასუხიც არ მიუღია და ამიტომ, ესპანეთში თამაში გადაწყვიტა.
„თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ადვილი გადაწყვეტილება იყო, ცდება, აბსოლუტურად არა. ჩემი ოჯახი ჯერ კიდევ საფრანგეთში ცხოვრობს. თავს ორივე ქვეყნის მოქალაქედ ვგრძნობ, რვა წელი ესპანეთში ვცხოვრობდი და ამიტომ ჩემი გადაწყვეტილების კრიტიკოსებს შეუძლიათ თქვან, რაც უნდათ. ბედნიერი ვარ, რომ ამ ქვეყნის ნაწილი ვარ და ჩემს არჩევანს არ ვნანობ.
ლუის ენრიკემ გამაცნო ფეხბურთის ხედვა, ასევე დამარწმუნა, რომ თუ მოქალაქეობას მივიღებდი, დაუყოვნებლივ გამომიძახებდა. გარდამტეხი 2019 წლის მომენტი იყო, როცა საფრანგეთში უბრალოდ ყურადღებაც არ მომაქციეს. არ მიყვარს ამ თემის განხილვა, მაგრამ დეშამს მივწერე მესიჯი და პასუხი არ მიმიღია. ალბათ შეცვალა ნომერი, ტელეფონი, ვინ იცის. ნებისმიერ შემთხვევაში მივწერე იმ ნომერზე, საიდანაც არავინ მიპასუხა”, - თქვა ლაპორტმა.
შეგახსენებთ, რომ აიმერიკ ლაპორტმა ესპანეთის მოქალაქეობა ევროპის ჩემპიონატის წინ მიიღო. „ფურია როხაში“ მან 4 თამაში ჩაატარა და უკვე გოლის გატანაც მოასწრო - სლოვაკეთის წინააღმდეგ.