ბელგიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია. რობერტო მარტინესის გუნდმა ურთულეს და უმძიმეს მერვედფინალურ შეხვედრაში პორტუგალია დაამარცხა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ტურნირიდან გააგდო.
ვერ ვიტყვით, რომ თამაშიდან გამომდინარე ბელგიამ გამარჯვება დაიმსახურა, რადგან პორტუგალიამ აშკარად უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება და ბელგიის ნაკრებმა გააკეთა ის, რაც ვერ გააკეთა პორტუგალიამ - გოლი გაიტანა.
ბელგიამ კარში ერთადერთხელ დაარტყა, მაგრამ რაც მთავარია ზუსტად. პირველი ტაიმის მიწურულს ტორგან აზარმა გაისროლა და ულამაზესი გოლით, როგორც მერე გაირკვა, მატჩის ბედი გადაწყვიტა. პორტუგალიამ გოლამდეც ჰქონდა საგოლე მომენტები და გოლის მერეც, მაგრამ ხან არაზუსტად მოქმედებდნენ, ხან ტიბო კურტუა იყო კარგი და ერთხელაც ბურთი ძელს მოხვდა.
პირველ ტაიმში დიოგო ჟოტამ დაარტყა არაზუსტად, მერე კი კრიშტიანუ რონალდუს ჯარიმ ტიბო კურტუამ უკუაგდო. ამას მოჰყვა ტორგან აზარის ეფექტური გოლი და მეორე ნახევარში ბელგია მხოლოდ ანგარიშის შენარჩუნებაზე იყო აქცენტირებული. პორტუგალიას ბევრი საგოლე შანსი ჰქონდა. ჟოტამ ისევ ცუდად დაარტყა, რუბენ დიაშს კურტუამ აჯობა, ხოლო რაფაელ გერეირომ ბურთი ძელს გაარტყა და ბელგიელებმა მინიმალური უპირატესობის შენარჩუნება მოახერხეს.
ამრიგად, ბელგიამ 1:0 მოიგო და მეოთხედფინალში იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ეს 2 ივლისს, მიუნხენში მოხდება. პორტუგალიამ და კრიშტიანუ რონალდუმ კი ბარგი უკვე ჩაალაგეს და 2016 წელს მოპოვებული ტიტულის შენარჩუნება ვეღარ მოახერხეს.
ბელგია - პორტუგალია 1:0 (1:0)
სევილია, „ოლიმპიური სტადიონი“
ბელგია (3-4-3): კურტუა; ალდერვეირელდი, ვერმაელენი, ვერტონგენი; მუნიე, ტილემანსი, ვიტსელი, ტ. აზარი (დენდოკერი 90); დე ბრუინი (მერტენსი 48), ლუკაკუ, ე. აზარი (ფერეირა-კარასკო 87)
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
პორტუგალია (4-3-3): რუი პატრისიუ; დალო, რუბენ დიაში, პეპე, გერეირო; მოუტინიო (ჟოაო ფელიქსი 55), პალინია (დანილო პერეირა 78), რენატუ (ოლივეირა 79); ბერნარდო სილვა (ბრუნო ფერნანდეში 55), რონალდუ, დიოგო ჟოტა (ანდრე სილვა 70)
მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში
გოლი: 1:0 ტ. აზარი (42)
გაფრთხილება: ვერმაელენი (72), ალდერვეირელდი (81) - პალინია (45), დალო (51), პეპე (77)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (1) – 19 (5) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 0:3 თამაშგარე: 1:3
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): ტორგან აზარი (ბელგია)
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)