სხვა

23:21 | 26.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

100 მეტრზე სპრინტში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ტოკიოშიც იასპარეზებს

იამაიკელი შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი 100 მეტრზე სპრინტში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. სამგზის იქნებოდა, რიოში ფეხის თითის ტრავმა რომ არ მიეღო. იქ ბრინჯაოს დასჯერდა, მესამე ოქროს მოპოვებას კი ტოკიოში უმიზნებს. ამ მიზნისკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა - იამაიკის მძლეოსანთა ოლიმპიური შესარჩევი ტურნირი მოიგო.

როგორც სჩვევია, ფრეიზერ-პრაისმა რაკეტისებური სტარტი აიღო მდევრები შუა გზაზე ჩამოიტოვა. არც გამარჯვება (10.71 წამი) გასჭირვებია. მეორე ადგილი შერიკა ჯეკსონმა დაიკავა, ვინც რიოს ოლიმპიადაზე 400 მეტრზე სპრინტში მოიპოვა ბრინჯაო. ის გამარჯვებულს 0.11 წამით ჩამორჩა. მესამე ადგილი კი მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ელენ თომპსონ-ერამ დაიკავა (10.84).

„ვფიქრობ, ეს ყველაფერი ჩემი მწვრთნელის (რეინალდო ვალკოტი) დამსახურებაა. მას ყოველთვის სჯერა იმის, რასაც ვაკეთებთ და იმის, რაც შემიძლია. რეკორდული გარბენის შემდეგ, მუხლებმა შემაწუხა. მაგრამ ვთქვი, რომ ჩემპიონები ყოველთვის აღწევენ მიზანს“, - განაცხადა ფრეიზერ-პრაისმა, ვინც 100 მეტრზე სპრინტში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონიცაა. ოლიმპიურ შესარჩევამდე რამდენიმე კვირით ადრე, მან იამაიკის ეროვნული რეკორდი (10.63 წამი) დაამყარა.

„რა თქმა უნდა, მიზანი ისაა, რომ ტოკიოში კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დავიკავო. რიოში რაც მოხდა, მწარეც იყო და ტკბილიც. მინდა, ტოკიომდე ტრავმის გარეშე მივიდე. მერე კი შესაძლებლობის გამოყენებას ვეცდები“, - დასძენს ფრეიზერ-პრაის.

0.120074