სხვა

2:11 | 25.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტურ დე ფრანსი სტარტისთვის მზადაა

შაბათს ქალაქ ბრესტში დიდი რბოლა იწყება, სეზონის უმთავრესი ველომარათონი - ტურ დე ფრანსი. ვარსკვლავებით სავსე „ინეოს გრენადერსი“ არ მალავს, რომ აღარ აპირებს შორიდან იმის ცქერას, თუ როგორ იბრძვიან პირველობისთვის სხვები, როგორც შარშან იყო.

შეგახსენებთ, რომ შარშანდელ ტურს დრამატული ფინლი ჰქონდა. სლოვენიელმა ტადეი პოგაჩარმა, ფინიშამდე ორიოდ დღით ადრე, თანამემამულე პრიმოჟ როგლიჩს დიდი ტრიუმფი ცხვირწინ ააცალა. 22 წლის პოგაჩარი ამ სეზონშიც კარგ ფორმაშია - ტირენო-ადრიატიკოს და სლოვენიის ტურები მოიგო.

მისგან განსხვავებით, როგლიჩი ფრანგული რბოლისთვის სხვა რბოლებში მონაწილეობის გარეშე ემზადბა. ორი სლოვენიელი ბოლოს ერთმანეთს ბასკეთის ტურზე შეხვდა და მაშინ როგლიჩმა გაიმარჯვა. თუმცა ეს ორი თვის წინათ იყო.

„ინეოსს“ ტურის ყოფილი (2018 წლის) ჩემპიონი, უელსელი გერეინ თომასი ულიდერებს. ოღონდ, ერთპიროვნული ლიდერი არ იქნება. მასთან ერთად, გუნდი პირველობისთვის ბრძოლის შანსს, ჯიროს შარშანდლ ჩემპიონს, ბრიტანელ ტაო გეოგეგენ ჰარტს და ეკვადორელ რიჩარდ კარაპასსაც აძლევს, ვისაც ჯირო 2019 წელს აქვს მოგებული. მოკლედ, „ინეოსს“ ველომარათონების ჩემპიონების მთელი გვარდია ჰყავს და თუ რომელიმე მოისუსტებს, ლიდერობას მაშინვე სხვა გადაიბარებს.

გამარჯვებაზე პრეტენზია „ინეოსის“ ავსტრალიელ რიჩი პორტესაც აქვს, ვინც შარშანდელ ტურზე მესამე ადგილი დაიკავა.

ბრიტანული გუნდის ხელში ძლიერი კოზირია - გადამწყვეტ, სამთო ეტაპებზე, მის რამდენიმე მრბოლს შეუძლია შეტევის დაწყება და თანაგუნდელების აყოლიება. რაც მტავარია, ბევრი შეტევა მეტოქე გუნდების ლიდერებს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დაღლის.

„ამჯერად სხვის უკან დიდხანს ყოფნას არ ვაპირებთ. ჩვენ გვყავს რბოლები, ვისაც შეუძლია, რომ ეს მარათონი ნამდვილ რბოლად აქციოს. ჩვენ ავიღებთ ინიციატივას, ვეცდებით ყველა შესაძლებლობის გამოყენებას. ჩვენ მეტოქეებს ყოველი ეტაპის ყოველი კილომეტრისთვის ბრძოლას ვაიძულებთ. ამ სეზონისთვის, სარბოლო ფილოსოფია შევცვალეთ. უფრო აგრესიულები გავხდით“, - ამბობს „ინეოს გრენადერსის“ გუნდის მენეჯერი დეივ ბრაილსფორდი.

სანამ პელოტონი ალპებს მიადგება, არაერთი სპრინტერული ეტაპი გაიმართება, რომლებზეც ყვითელი მაისურისთვის, ფრანგი მსოფლიო ჩემპიონი, ჟულიან ალაფილიპი და ჰოლანდიელი მატიო ვან დერ პოელი იბრძოლებენ. ამ უკანასკნელის ბაბუას, რაიმონ პულიდორს ტურზე შვიდი ეტაპი აქვს მოგებული და საბოლოოდ კვარცხლბეკზე რვაჯერ ავიდა. მაგრამ ლიდერის ყვითელი მაისური არასდროს სცმია.

პელოტონში იქნება ტურის ოთხგზის ჩემპიონი, ბრიტანელი კრის ფრუმი, ოღონდ ამჯერად გამარჯვებისთვის ვერ იბრძოლებს - მისივე აღიარებით, შესაფერის ფორმაში არაა.

მე-11 ეტაპი ურთულესია - ველომრბოლებს უმაღლესი კატეგორიის მთა მონ ვენტუს გავლა ორჯერ მოუწევთ! ყველაზე რთული კი მე-18 ეტაპი უნდა იყოს, ლუზ არდიდენის უმაღლესი კატეგორიის მთით. ეს ბოლო სამთო ეტაპია, რომელსაც ერთი სწორი ეტაპი, დროზე რბოლა და ბოლოს პარიზში აღლუმი მოჰყვება.

ტურ დე ფრანსი 2021

1-ლი ეტაპი, 26 ივნისი: ბრესტიდან ლანდერნომდე - 198 კმ (გორაკები)

მე-2 ეტაპი, 27 ივნისი: პეროს-ჟირეკიდან მურ-დე-ბრეტანემდე - 182 კმ (გორაკები)

მე-3 ეტაპი, 28 ივნისი: ლორიენიდან პონტივიმდე - 183 კმ (სწორი)

მე-4 ეტაპი, 29 ივნისი: რედონიდან ფუჟერამდე - 151 კმ (სწორი)

მე-5 ეტაპი, 30 ივნისი: შანჟედან ლავალამდე - 27 კმ (დროზე ინდ. რბოლა)

მე-6 ეტაპი, 1 ივლისი: ტურსიდან შატორუმდე - 161 კმ (სწორი)

მე-7 ეტაპი, 2 ივლისი: ვიერსონიდან ლე კროსომდე - 250 კმ (გორაკები)

მე-8 ეტაპი, 3 ივლისი: ოინადან ლე გრან ბორნანამდე - 151 კმ (მთები)

მე-9 ეტაპი, 4 ივლისი: კლუსედან ტინიესამდე - 145 კმ (მთები)

დასვენების დღე, 5 ივლისი: ტინიესი

მე-10 ეტაპი, 6 ივლისი: ალბერვილიდან ვალენსემდე - 186 კმ (სწორი)

მე-11 ეტაპი, 7 ივლისი: სორჟუდან მალოსენამდე - 199 კმ (სწორი)

მე-12 ეტაპი, 8 ივლისი: სენ-პოლ-ტროიდან ნიმსამდე - 161 კმ (სწორი)

მე-13 ეტაპი, 9 ივლისი: ნიმსიდან კარკასონამდე - 220 კმ (სწორი)

მე-14 ეტაპი, 10 ივლისი: კარკასონიდან კიიანამდე - 184 კმ (გორაკები)

მე-15 ეტაპი: 11 ივლისი: სერეტიდან ანდორა ლა ველამდე - 192 კმ (მთები)

დასვენების დღე, 12 ივლისი: ანდორა ლა ველა

მე-16 ეტაპი, 13 ივლისი: პას დ კასიდან სენ გოდენსამდე - 169 კმ (გორაკები)

მე-17 ეტაპი, 14 ივლისი: მურედან კოლ დუ პორტეტამდე - 178 კმ (მთები)

მე-18 ეტაპი, 15 ივლისი: პოდან ლუზ არდიდენამდე - 130 კმ (მთები)

მე-19 ეტაპი, 16 ივლისი: მურენსიდან ლიბურნამდე - 203 კმ (სწორი)

მე-20 ეტაპი, 17 ივლისი: ლიბურნიდან სენ-ემილიონამდე - 31 კმ (დროზე ინდ. რბოლა)

21-ე ეტაპი, 18 ივლისი: შატოდან პარიზამდე - 112 კმ (სწორი)

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.124808
სარეკლამო ადგილი - 99
X x X