იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ უელსთან (1:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელმა სპეციალისტმა ვიტორიო პოცოს რეკორდი გაიმეორა და „სკუადრა აძურას“ ზედიზედ 30 თამაში მოაგებინა.
„სასიამოვნოა, რომ პოცოს მსგავსი ლეგენდის შედეგი გავიმეორე, მაგრამ მას უფრო მნიშვნელოვანი ტიტულები აქვს მოგებული, ვიდრე უბრალოდ 30 თამაშის მოგებაა. ამიტომ, უმჯობესია, ამაზე საუბარს ახლა თავი დავანებოთ.
უკეთესის წარმოდგენა შეუძლებელი იყო, შეგვეძლო მეორე გოლის გატანაც, მაგრამ მეტოქე დაცვაში იდგა და კარგად ითამაშა. ყველა ფეხბურთელმა კარგად ითამაშა, ეს ადვილი არ იყო, რადგან ძალიან ცხელოდა. 8 ფეხბურთელის შეცვლა უმნიშვნელო არაა, თამაში გადამწყვეტიც რომ ყოფილიყო, შევცვლიდი, რადგან თამაშში ახალი ენერგია გვჭირდებოდა. ჩემთვის შემადგენლობის არჩევა ადრეც პრობლემა იყო და ახლა კიდევ უფრო რთული იქნება. არიან ფეხბურთელები, რომლებიც კარგ ფორმაში არიან და ახლა იმედგაცრუება იქნება ვინმეს სათადარიგო სკამზე დატოვება, მაგრამ მთავარია ყველა მნიშვნელოვანი ელემენტი იყოს. ჩვენთან არ არსებობენ ძირითადი შემადგენლობის წევრები, ყველა ფეხბურთელს შეუძლია მოედანზე გავიდეს და ბოლომდე დაიხარჯოს“, - თქვა მანჩინიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ჯგუფიდან უდანაკარგოდ და გოლგაუშვებლად გავიდა. „სკუადრა აძურას“ 30-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ბოლო 11 თამაში გოლიც არ გაუშვია. იტალიას მერვედფინალში უკრაინის ან ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ მოუწევს დაპირისპირება.