მაქს ფერსტაპენმა და მისმა „რედ ბულმა“, საფრანგეთის დიდი პრიზის რბოლა ბრძოლაში მოუგეს ლუის ჰამილტონს და „მერსედესს“. ხარებმა ტაქტიკურ ბრძოლაში აჯობეს ჩემპიონ მეტქოქეს, ფერსტაპენმა და გუნდის მიერ შექმნილი უპირატესობა, ფინიშამდე ორი წრით ადრე, ჰამილტონის გასწრებაში და რბოლის მოგებაში გარდასახა.
რაც მთავარია, ამ ტანდემის სახით, დღეს მომავალი ჩემპიონები ვიხილეთ. დღეს ფერსტაპენმაც და „რედ ბულმაც“ დაამტკიცეს, რომ ჰამილტონისა და „მერსედესისთვის“ გვირგვინის ჩამოსართმევად მზად არიან. სეზონი გრძელია და ტიტულების მოსაგებად, ერთ რბოლაში გამარჯვებაზე გაცილებით მეტია საჭირო. მაგრამ მთავარი ინგრედიენტი სახეზეა - ფერსტაპენის განკარგულებაში ბრძოლისუნარიანი მანქანა და საჩემპიონოდ მომზადებული გუნდია.
ფერსტაპენს გუნდის ტაქტიკური მხარდაჭერა, საკუთარი შეცდომის გამო დასჭირდა - სტარტზე, პირველ მოსახვევში შეცდომა დაუშვა და ბრიტანელს დაწინაურების საშუალება მისცა. შუა რბოლისას კი „რედ ბულში“ გადაწყვიტეს, რომ თავიანთი ლიდერისთვის, ჰარდების ნაცვლად, მედიუმ საბურავები დაეყენებინათ. მათ ზუსტად გათვალეს, რომ ამ კომპლექტით, ფერსტაპენი პიტსტოპზე დაკარგლ დროს, ფინიშამდე ცოტა ხნით ადრე ამოქაჩავდა.
ასეც მოხდა, ჰოლანდიელმა ჯერ ვალტერი ბოტასი ჩამოიტოვა, ვისაც აშკარად საბურავებთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა და ჰამილტონსაც მალე დაეწია, ვისაც იგივე პრობლემასთან გამკლავება უწევდა. და როდესაც ფერსტაპენმა მანევრი დაიწყო, ჰამილტონმა წინაღმდეგობის გაწევაც კი ვერ მოახერხა. ყველაფერთან ერთად, „რედ ბულის“ პილოტმა, უსწრაფესი წრეც დააფიქსირა და მისთვის გამოყოფილი 1 ქულაც დაისაკუთრა.
როდესაც „რედ ბულმა“ ფერსტაპენს მეორე პიტ სტოპზე უხმო, „მერსედესი“ პრაქტიკულად გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ როდესაც მაქსმა ბოქსებისკენ გადაუხვია, ჰამილტონს ახალი წრე უკვე დაწყებული ჰქონდა. ერთი წრის დაგვიანებით ბოქსში შესვლის შემთხვევაში, ის გარანტირებულად ჩამორჩებოდა. ამიტომ, „მერსედესმა“ გადაწყვიტა, რომ თავის ლიდერი ერთი პიტ სტოპზე დაეტოვებინა. ერთადერთი იმედი ის იყო, რომ საბურავები ბოლო წრეებზე კარგად იმუშავებდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
სხვათა შორის, სერხიო პერესმა რბოლა ერთი პიტ სტოპით გაიარა და ფინიშამდე მცირე ხნით ადრე, ბოტასს გაასწრო. „რედ ბულის“ მსგავსი, ორ-სტოპიანი ტაქტიკა აირჩიეს „მაკლარენში“, რამაც მათ მეხუთე და მეექვსე ადგილების დაკავების საშუალება მისცა.
საფრანგეთის დიდი პრიზი
პოლ რიკარი, დისტანცია 309.690 კმ (5.842 კმ, 53 წრე)
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:27:25.770
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 2.904
- სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 8.811
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 14.618
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1'04.032
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1'15.857
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1'16.596
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1'17.695
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1'19.666
- ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1'31.946
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 1'39.337
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1 წრე
- იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1 წრე
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1 წრე
- ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1 წრე
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1 წრე
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
- ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1 წრე
- მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1 წრე
- ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 1 წრე
უსწრაფესი წრე: მაქს ფერსტაპენი - 1:36.404 (35-ე წრე, 218.156 კმ/სთ)
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. მაქს ფერსტაპენი - 131 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 119; 3. სერხიო პერესი - 84; 4. ლანდო ნორისი - 76; 5. ვალტერი ბოტასი - 59; 6. შარლ ლეკლერი - 52; 7. კარლოს საინსი- 42; 8. პიერ გასლი - 37; 9. დანიელ რიკარდო - 34; 10. სებასტიან ფეტელი - 30; 11. ფერნანდო ალონსო - 17; 12. ესტებან ოკონი - 12; 13. ლანს სტროლი - 10; 14. იუკი ცუნოდა - 8; 15-16. კიმი რაიკონენი და ანტონიო ჯოვინაცი - 1; 17-20. ჯორჯ რასელი, ნიკოლას ლატიფი, მიკ შუმახერი და ნიკიტა მაზეპინი - 0
კონსტრუქტორთა ჩემპიონატი
1. რედ ბულ-ჰონდა - 215 ქულა; 2. მერსედესი - 178; 3. მაკლარენ-მერსედესი - 110; 4. ფერარი - 94; 5. ალფატაური-ჰონდა - 45; 6. ასტონ მარტინ-მერსედესი - 40; 7. ალპინ-რენო - 29; 8. ალფა რომეო-ფერარი - 2; 9-10. ჰაას-ფერარი და უილიამს-მერსედესი - 0