ფეხბურთი

1:12 | 20.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთმა ისევ წაიფორხილა

პირველი ტურის შეხვედრების შედეგებიდან გამომდინარე, ეს მატჩი ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. წინა ტურში ესპანელებმა შვედებს ვერაფერი მოუხერხეს (0:0) და განსაკუთრებით ადგილობრივი მედიისგან არა-ერთი სამდურავი სიტყვა მოისმინეს. პოლონელებმა კი სულაც „მოსაგები“ თამაში წააგეს სლოვაკეთთან (1:2).

შაბათის ორი ადრეული მშვენიერი მატჩის შემდეგ, იმედი გვქონდა, რომ საღამოსაც კარგ თამაშს ვიხილავდით. გვეგონა, რომ შვედებთან ესპანელების წაფორხილება შემთხვევითობა იყო. მაგრამ შევცდით. ლუის ენრიკეს გუნდმა კვლავ გაგვიცრუა იმედები. ვერც პოლონელებს აჯობა და ბოლო ტურის წინ ერთობ გაირთულა ჯგუფიდან გასვლის პერსპექტივა.

ცხადია, ესპანელები სტატისტიკით გაცილებით სჯობდნენ მოწინააღმდეგს: ბურთის ფლობა, კუთხური, ჯარიმა... მაგრამ თამაში?

პოლონელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ შვედებზე უფრო თამამად ეთამაშნენ მრისხანე მეტოქეს.

მასპინძლები 25-ე წუთზე დაწინაურდნენ, როცა მორენოს პასით მორატამ ისარგებლა და გახსნა ანგარიში.

პოლონელებმა ორჯერ მოარტყეს ძელს ბურთი. მეორე შემთხვევაში, ძელიდან ასხლეტილ ბურთთან ყველაზე ახლოს ლევანდოვსკი იყო, მაგრამ დაახლოებით ხუთი მეტრიდან ვერ გაიტანა.

„ბაიერნის“ ზემეგოლემ თავი მაინც გამოიჩინა, მეორე ტაიმში გაათანაბრა ანგარიში. მასპინძლებს მაშინვე შეეძლოთ სტატუს-ქვოს აღდგენა, როცა მსაჯმა პოლონელების კარში პენალტი დანიშნა, მაგრამ მორენომ ძელს მოარტყა ბურთი, იქვე მყოფმა მორატამ კი სულაც ააცილა...

ესპანეთი - პოლონეთი 1:1

სევილია. „ოლიმპიკო“

ესპანეთი: სიმონი, ლორენტე, ლაპორტი, ტორესი, ალბა, როდრი, კოკე (სარაბია 68), პედრი, ოლმო (ფერნან ტორესი 61), მორატა (ოიარსაბალი 87), მორენო (რუისი 68)

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

პოლონეთი: შჩესნი, ბერეშინსკი, გლიკი, ბედნარეკი (დავიდოვიჩი 85), იუჟვიაკი, მოდერი (ლინეტი 85), კლიხი (კოზლოვსკი 55) , პუხაჩი, სვიდერსკი (ფრანკოვსკი 68), ზელინსკი, ლევანდოვსკი

მწვრთნელი: პაულუ სოუზა

მსაჯი: დანიელე ორსატო (ესპანეთი)

გოლები: 1:0 მორატა (25), 1:1 ლევანდოვსკი (54)

58-ე წუთზე მორენომ ვერ გაიტანა პენალტი

გაფრთხილება: ტორესი (81), როდრი (90+4); კლიხი (36), მოდერი (57), იუჟვიაკი (59), ლევანდოვსკი (90+3)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (6)- 2(3); ბურთის ფლობა: 69% - 31%; კუთხურები: 7- 1; თამაშგარე: 1 – 2;

0.142712