ფეხბურთი

21:58 | 19.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

გერმანულმა მანქანამ პორტუგალიას გაასწრო

გერმანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, ხოლო პორტუგალიამ საქმე საკმაოდ გაირთულა. F ჯგუფის მეორე ტურში იოაჰიმ ლიოვის გუნდმა მეტოქეს მიუნხენში უმასპინძლა და ძალიან მაგარი ფეხბურთით დაჯაბნა.

გერმანია უპირატესობას თავიდანვე დაეუფლა, ზეწოლას ახდენდა და რამდენჯერმე მწვავედ შეუტია. გოლიც გაიტანა, მაგრამ რობინ გოსენსის გოლი თამაშგარე მდგომარეობას გამო გაუქმდა. სამაგიეროდ, მე-15 წუთზე პორტუგალიელთა პირველივე იერიში შედეგიანი გამოდგა. ფერნანდუ სანტუშის გუნდმა კონტრშეტევაზე გაიტანა. კრიშტიანუ რონალდუმ სტანდარტულისას ბურთი საკუთარი საჯარიმოდან გამოიტენა, 15 წამში კი ის უკვე მეტოქის საჯარიმოში იყო და ანგარიში გახსნა!

რონალდუს მოგერიების შემდეგ ბერნარდო სილვამ გააგრძელა კონტრშეტევა, ხოლო დიოგო ჟოტამ კრიშტიანუს ცარიელ კარში გაატანინა. პორტუგალიელმა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მესამე გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში პატრიკ შიკს დაეწია. თუმცა, ტაიმი მაინც გერმანიის ნაკრებმა მოიგო, რაც ლოგიკური იყო, რადგან დიდ უპირატესობას ფლობდა.

ანგარიში 35-ე წუთზე რუბენ დიაშის ავტოგოლით გათანაბრდა, ხოლო 4 წუთში საკუთარი კარი რაფაელ გერეირომ დალაშქრა! ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ერთ თამაშში ერთმა გუნდმა ორი ავტოგოლი გაიტანა და ტაიმი ალემანებმა 2:1 მოიგეს. მეორე ტაიმი ლიოვის გუნდმა ისევ აქტიურად დაიწყო და ჯერ კაი ჰავერტცმა გაიტანა, მერე რობინ გოსენსმა და ყველაფერი გადაწყდა. მართალია, ამის მერე პორტუგალიამ შეტევისთვის მოიცალა, ჟოტამ ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო რენატო სანჩესმა ბურთი ძელს გაარტყა, მაგრამ გერმანიის ნაკრებმა დამაჯერებლად და დამსახურებულად მოიგო. სხვათა შორის პორტუგალიამ დიდ საფეხბურთო ტურნირზე (მუნდიალი და ევროპის ჩემპიონატი) მეორედ გაუშვა 4 გოლი თამაშში და ისევ გერმანიის ნაკრებისგან (პირველად 2014 წელს). გარდა ამისა, პორტუგალია პირველი ნაკრებია, რომელმაც მოქმედი ევროპის ჩემპიონის სტატუსით 4 გოლი გაუშვა. კრიშტიანუ რონალდუს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ჯამში 19 გოლი დაუგროვდა და რეკორდსმენი გახდა, ის მიროსლავ კლოზეს დაეწია, რომელსაც ასევე 19 გოლი აქვს ორივე დიდ საფეხბურთო ფორუმზე.

ორის ტურის შემდეგ გერმანიასა და პორტუგალიას 3-3 ქულა აქვთ, ხოლო ბოლო ტურში გერმანია მიუნხენში უნგრეთს უმასპინძლებს და პორტუგალია ბუდაპეშტში საფრანგეთს დაუპირისპირდება. ერთი შეხედვით ჩანს, რომ პორტუგალიელთა და ფრანგთა ამოცანა უფრო რთულია. გერმანიას კი შანსი აქვს ჯგუფში პირველ ადგილზეც გავიდეს და ამისთვის მხოლოდ ორი ვარიანტიც საკმარისია: თვითონ მოიგოს და საფრანგეთმა ვერ მოიგოს.

პორტუგალია - გერმანია 2:4 (1:2)

მიუნხენი, „ალიანს არენა“

პორტუგალია (4-2-3-1): რუი პატრისიო; სემედუ, პეპე, დუბენ დიაში, გერეირო; კარვალიო (რაფა სილვა 58), დანილო; ბერნარდო სილვა (რენატო სანჩესი 46), ბრუნო ფერნანდეში (მოუტინიო 64), დიოგო ჟოტა; რონალდუ

მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში

გერმანია (3-4-2-1): ნოიერი; გინტერი, ჰუმელსი (ემრე ჯანი 63), რიუდიგერი; კიმიხი, გიუნდოგანი (ზულე 73), კროოსი, გოსენსი (ჰალსტენბერგი 62); მიულერი, ჰავერტცი (გორეტცკა 73); გნაბრი (სანე 87)

მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი

გოლები: 1:0 რონალდუ (15), 1:1 რუბენ დიაში (35, ა.გ), 1:2 გერეირო (39, ა.გ), 1:3 ჰავერტცი (51), 1:4 გოსენსი (60), 2:4 დიოგო ჟოტა (67)

გაფრთხილება: ჰავერტცი (66), გინტერი (77)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (2) – 11 (7) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 2:1

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): რობინ გოსენსი (გერმანია)

მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)

1. საფრანგეთი 2 1 1 0 2 1 1 4
2. გერმანია 2 1 0 1 4 3 1 3
3. პორტუგალია 2 1 0 1 5 4 1 3
4. უნგრეთი 2 0 1 1 1 4 -3 1
0.325309