სხვა

17:40 | 19.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ყველაზე ტიტულოვანი ამერიკელი ოლიმპიელები

მოახლოვდა ტოკიოს ოლიმპიადა. სპორტსმენები ემზადებიან, ბევრს უკვე მოპოვებული აქვს ოლიმპიური საგზური, ბევრს ოლიმპიადაზე გამგზავრების უფლებისთვის შესარჩევი ბრძოლა წინ აქვს. მათ შორის არიან ამერიკელი მძლეოსნებიც, რომლებისგანაც როგორც წესი, ოლიმპიადებზე გამორჩულ მიღწევებს ელიან.

ამერიკელებს, სახეობათა უმეტესობაში, ოლიმპიადებზე ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენებიც ჰყავთ. მათი უმეტესობა მძლეოსანი და მოცურავეა. სწორედ ამ ორი სახეობის პროგრამები იძლევა იმის საშუალებას, რომ ერთმა ათლეტმა ერთ ოლიმპიადაზე რამდენიმე მედალი მოიპოვოს.

სპორტის მოყვარულებისთვის უთუოდ საინტერესო იქნება, ყველაზე ტიტულივანი ამერიკელი ათლეტების გაცნობა. სიას რა თქმა უნდა, სათავეში ლეგენდარული მოცურავე, მაიკლ ფელპსი უდგას.

  1. მაიკლ ფელპსი (ცურვა, 28 მედალი)

მისი დებიუტი სიდნეიში, 2000 წელს შედგა. ის ოლიმპიადების ისტორიაში, ყველაზე ტიტულოვანი ათლეტია. მედლების რიცხვით, მეორე საუკეთესოს 10 მედლით სჯობს. ის 16 წელი დომინირებდა სპორტს და კარიერის დასასრულს, ოლიმპიადებზე 23 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი დააგროვა. მარტო ერთ, პეკინის ოლიმპიადაზე (2008 წელს), 8 ოქროს მედალი მოიპოვა.

  1. ჯენი ტომპსონი (ცურვა, 12 მედალი)

მისი ოლიმპიური კარიერა 1992-2004 წლებზე მოდის. ის ცურვის ისტორიაში, ყველაზე წარმატებული მოცურავე ქალია. ოლიმპიადებზე 8 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.

  1. რაიან ლოხტე (ცურვა, 12 მედალი)

ლოხტე ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ამერიკელი მოცურავეა. ოთხ ოლიმპიადაზე 12 მედალი დააგროვა და რომ არა რიოში სკანდალში გახვევა, მისი მონაგარი ალბათ უფრო მეტიც იქნებოდა. მოპოვებული აქვს 6 ოქროს (აქედან 4 ესტაფეტებში), 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი.

  1. დარა ტორესი (ცურვა, 12 მედალი)

მას უჩვეულოდ გრძელი ოლიმპიური კარიერა აქვს. ოთხივე ოქრო ესტაფეტებში დააგროვა. ამასთან, პირველად ჩემპიონი ლოს ანჯელესის 1984 წლის ოლიმპიადაზე გახდა, ბოლო ორი ოქრო კი სიდნეიში, 2000 წელს მოიპოვა. პეკინის 2008 წლის ოლიმპიადაზე ორ ვერცხლს დაეუფლა. სულ 4 ოქროს, 4 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.

  1. ნატალი კაფლინი (ცურვა, 12 მედალი)

ცურვაში ვარჯიში 6 წლისამ დაიწყო. ათენში (2004) პეკინსა (2008) და ლონდონში (2012), 3 ოქროს, 4 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი დააგროვა. ლონდონში მხოლოდ 1 ბრინჯაოს დასჯერდა და ისიც, ესტაფეტაში.

  1. მარკ სპიცი (ცურვა, 11 მედალი)

სპიცმა ეს 11 მედალი მხოლოდ ორ ოლიმპიადაზე (მექსიკო 1968 და მიუნხენი 1972) დააგროვა. მიუნხენში 7 ოქროს მედალს დაეუფლა და ეს კარგა ხანს, ერთ ოლიმპიადაზე რეკორდული მაჩვენებელი იყო, სანამ ფელპსი მოუხსნიდა. მოპოვებული აქვს 9 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი. კარიერა 22 წლისამ დაასრულა.

  1. კარლ ოსბურნი (სროლა, 11 მედალი)

ოსბორნმა 1912 (სტოკჰოლმი), 1920 (ანტვერპენი) და 1924 (პარიზი) წლების ოლიმპიადებზე იასპარეზა და თავისი ხუთი ოქრო, პირველ ორზე დააგროვა. 1920 წელს ოთხ ოქროს დაეუფლა. ბოლო მედალი კი (ვერცხლის) პარიზში მოიპოვა. მის ანგარიშზე 5 ოქროს, 4 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალია.

  1. კარლ ლუისი (მძლეოსნობა, 10 მედალი)

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ოლიმპიელი! ლოს ანჯელესის 1984 წლის ოლიმპიადაზე, 4 ოქროს მედალი მოიპოვა 100 და 200 მეტრზე სპრინტში, 4X100 ესტაფეტაში და სიგრძეზე ხტომაში. ყველაზე მეტი, 4 ოქრო სიგრძეზე ხტომაში აქვს აღებული. სულ კი მის ანგარიშზე 9 ოქროს და 1 ვერცხლის მედალია.

  1. ელისონ ფელიქსი (მძლეოსნობა, 9 მედალი)

ფელიქსს უკვე ოთხი ოლიმპიადა აქვს მოვლილი. ათენის (2004) გარდა, ოქროს მედალს ყველა დანარჩენზე დაეუფლა. მისი მონაგარია 6 ოლიმპიური ოქრო და 3 ვერცხლი. ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე სამ ოქროს დაეუფლა, რომელთაგან მხოლოდ ერთი იყო ინდივიდუალური (200 მეტრზე სპრინტში). დანარჩენი ხუთივე ოქრო ესტაფეტებში დააგროვა.

მოპოვებული ოქროს მედლების მიხედვით, საუკეთესოთა სია ასეთი იქნებოდა: 1, მაიკლ ფელპსი - 23 ოქრო, 2. მარკ სპიცი და კარლ ლუისი - 9, 3. ჯენი ტომპსონი - 8, 4. ელისონ ფელიქსი და რაიან ლოხტე - 6...

0.141378