იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ უელსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და შემადგენლობაში როტაცია დააანონსა. „სკუადრა აძურას“ თავკაცი ფიქრობს, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეს ერთადერთი შემთხვევა იქნება, როცა მას ამის შესაძლებლობა აქვს და უნდა გამოიყენოს.
„ბოლო 10 დღეში მესამე თამაში იქნება, წინა მატჩებმა დიდი ენერგია წაიღო და ზოგიერთი ფეხბურთელი ოდნავ დაიღალა, დასვენება სჭირდებათ და ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც რაღაცის შეცვლა შეგვიძლია იმის ცოდნით, რომ ჩვენი სათამაშო პროდუქტი დიდად არ შეიცვლება.
ვერატის თამაში შეუძლია. ნათელია, რომ არ არის ისეთ ოპტიმალურ ფორმაშია, როგორც ისინი, რომლებიც რამდენიმე კვირაა თამაშობენ, მაგრამ მისი ტექნიკური თვისებები უთამაშებლობას აანაზღაურებს. ვნახოთ, ძირითადში იქნება თუ არა, ჯერ არ არის გადაწყვეტილი. კიეზას შეტევაში ცენტრფორვარდის გარდა, ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. ის ფლანგის ფეხბურთელია, შვეიცარიასთან ცოტა სხვა როლში გამოვიყენე, მაგრამ რეალურად მისი ფუნქცია განსხვავებულია.
გუნდისგან ვითხოვ, რომ თამაში ისე გააგრძელონ, როგორც აქამდე ყოველთვის თამაშობდნენ. იყვნენ შემტევები და ყველაფერი კარგად გააკეთონ, რადგან ეს მნიშვნელოვანი მატჩის. გვინდა მოვიგოთ და ჯგუფი ლიდერის პოზიციაზე დავასრულოთ. რთული იქნება იმ კუთხითაც, რომ ადრე ვთამაშობთ და ამინდი საკმაოდ ცხელი იქნება. ვნახოთ, რა მოხდება“, - თქვა მანჩინიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებს 6 ქულა აქვს და ჯგუფიდან გასულია, ხოლო მინიმუმ ფრის შემთხვევაში პირველ პოზიციასაც დაიკავებს. იტალია - უელსის თამაში 20 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.