ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირს ნახევარფინალში გამოეთიშა. ქართველმა ჩოგბურთელმა რუსი მეტოქის - ანდრეი რუბლევის ბარიერი ვერ დაძლია და სამ სეტში: 1:6, 6:3, 3:6 წააგო.
შეხვედრა საქართველოს საუკეთესო ჩოგანმა ცუდად დაიწყო და პირველი სეტი 30 წუთში 1:6 დათმო. საერთო ჯამში რეიტინგის მე-7 და 30-ე ნომრების დაპირისპირება საათსა და 48 წუთს გაგრძელდა. რუბლევს 6 ეისი ჰქონდა და ორმაგი შეცდომა არ დაუშვია, ნიკოლოზმა კი 8 ეისი შეასრულა და 3 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ ეს წყვილი აქამდე ერთმანეთს 4-ჯერ შეხვედრიან და მოგება-წაგების ბალანსი თანაბარი, ორო-ორზე იყო, დღევანდელი გამარჯვებით კი რუბლევმა უპირატესობა მოიპოვა.
რუსი ჩოგბურთელი ფინალში გავიდა, სადაც ფელიქს ოჯე ალიასიმისა და უგო უმბერის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.