ფეხბურთი

10:27 | 19.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "ვაისი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც მიმუშავია"

ბრატისლავის „სლოვანის“ ახალწვეულმა გურამ კაშიამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს კომენტარი მისცა და განაცხადა, რომ გუნდისთვის ყველაფერს გაიღებს. ქართველმა ფეხბურთელმა ვლადიმირ ვაისზეც ისაუბრა და ძალიან მოეწონა სლოვაკური გუნდის სტადიონი.

„ერთგულება ჩემი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულებაა. მინდა კლუბის და გულშემატკივრებისადმი ერთგულება გამოვავლინო. მჯერა, რომ ამის გაკეთება „სლოვანშიც“ შემიძლია. გარდა ამისა, რისი დაპირებაც ნამდვილად შემიძლია, ის არის, რომ ამ კლუბისთვის ბევრს ვიშრომებ.

სტადიონი ახალი და საოცარია. აქ იგრძნობა ფეხბურთის სული. მოუთმენლად ველოდები აქ პირველი მატჩის ჩატარებას. „სლოვანი“ ტრადიციული კლუბია, რომლის მიზანი ყოველთვის ჩემპიონობაა. ასევე ვიცი, რომ ზაფხულში ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრა და ევროთასებზე წარმატება იქნება. მოსამზადებელ ეტაპს სრულად გამოვიყენებთ, ბიჭებთან შევთამაშდებით და კარგი ამხანაგური თამაშებიც გვექნება. ჩემი მოტივაცია აშკარაა - ყველა თამაშში მოედანზე მოსაგებად გავალ.

ვლადიმირ ვაისი ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი ნაკრების მწვრთნელი იყო და ბევრს მივაღწიეთ. მოუთმენლად ველოდები მასთან ერთად კიდევ მუშაობას, ის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, რომელიც კარიერაში მყოლია და ამავე დროს დიდებული ადამიანია“, - თქვა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ „სლოვანთან“ 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს. კაშია 4 ნომრით ითამაშებს, ხოლო ჯაბამ 20-ნომრიანი მაისური მოირგო. „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ირლანდიურ „შემროკ როვერსს“ დაუპირისპირდება.

0.123382