სერხიო რამოსი მადრიდის „რეალს“ დაემშვიდობა. ესპანელმა ფეხბურთელმა პრესკონფერენცია გამართა და ცრემლებიც ვერ შეიკავა. როგორც მან აღნიშნა, კლუბში დარჩენა სურდა და ფული მისთვის პრობლემა არ ყოფილა, მაგრამ კლუბში უთხრეს, რომ მოლაპარაკებების დრო ამოიწურა.
“ბოლო თვეებში „რეალმა“ 1-წლიანი კონტრაქტი შემომთავაზა ხელფასის 10%-იანი დაკლებით. ფული არასდროს ყოფილა პრობლემა. უბრალოდ მინდოდა 2-წლიანი კონტრაქტი გამეფორმებინა, რომ მცოდნოდა მომდევნო ორი წელი სად ვითამაშებდი. მიუხედავად ამისა, ერთწლიანი წინადადება მივიღე, მაგრამ მითხრეს, რომ ხელშეკრულების გასაგრძელებლად დრო უკვე გასული იყო, ეს არ ვიცოდი.
დადგა მომენტი, ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული დღეა. არასდროს ხარ მზად მადრიდის „რეალს“ დაემშვიდობო. ღმერთის წყალობით დიდი ოჯახი მყავს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მშობლებს და ჩემს ძმებს, რომლებიც ყოველთვის ჩემს გვერდით არიან. მინდა, მადლობა ვუთხრა, პრეზიდენტს და კლუბს სიყვარულისთვის, მწვრთნელებს და ქომაგებს. მინდოდა, მათ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დავმშვიდობებოდი, მაგრამ ისინი ყოველთვის ჩემს გულში იქნებიან.
ჩემი ცხოვრების უნიკალური თავი დაიხურა. რაც აქ განვიცადე, სხვაგან არ გამეორდება. მინდა თამაში მაღალ დონეზე გავაგრძელო და ტიტულები კიდევ მოვიგო. დიდი მადლობა ყველას, ეს მხოლოდ დამშვიდობებაა, რადგან ადრე თუ გვიან დავბრუნდები“, - თქვა რამოსმა.
შეგახსენებთ, სერხიო რამოსი მადრიდის „რეალში“ 2005 წელს „სევილიადან“ გადავიდა და მას შემდეგ 671 შეხვედრაში 101 გოლის გატანა მოახერხა. მან „სამეფო კლუბში“ 5-ჯერ ესპანეთის ჩემპიონობა, ორჯერ ესპანეთის თასი, ოთხჯერ ესპანეთის თასი, ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა, სამჯერ ევროპის სუპერთასი და ოთხჯერ ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. ამ ეტაპზე უცნობია სად გააგრძელებს კარიერას ესპანელი, რომელიც 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება.