შეერთებულ შტატებში, მოცურავეთა ოლიმპიური გუნდის შესარჩევი ტურნირი იმართება. უკვე გაირკვა რამდენიმე მოცურავის ვინაობა, რომლებიც ტოკიოს ოლიმპიადაზე, ამერიკის სახელით იასპარეზებენ. მათ შორის არიან ოლიმპიური ჩემპიონები, ლილი კინგი და რაიან მერფი.
მერფიმ რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე, ოქროს სამი მედალი მოიპოვა. შესარჩევ ტურნირზე, მან 100 მეტრი გულაღმა 52.33 წამში გაცურა და უკან მოიტოვა ჰანტერ არმსტრონგი. აღსანიშნავია, რომ ამერიკელი მოცურავეები, 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში, ოლიმპიადებზე დომინირებენ. უკვე ექვსი ოლიმპიადაა, ისინი ამ დისტანციაზე ოქროს მედლებს არავის უთმობენ.
„ჩემთვის ისიც ბევრს ნიშნავს, რომ ოლიმპიადაზე ისევ გამოვალ. ეს ბიჭები სწრაფები არიან. ამერიკას გულაღმა ცურვაში ყოველთვის ყავს ახალგაზრდა სწრაფი მოცურავეები. ისინი თითქოს არსაიდან ჩნდებიან“, - ამბობს მერფი.
კინგს რიოში ორი ოქრო აქვს მოპოვებული. შესარჩევზე მან 100 მეტრზე ბრასში გაიმარჯვა (1 წუთი და 4.79 წამი). მან უკან ჩამოიტოვა 17 წლის ლილია ჯეკობი, ვინც ალბათ პირველი ალიასკელი მოცურავე გახდება, ვისაც ოლიმპიადაზე ვიხილავთ.
საინტერესო გაცურვა იყო ქალთა შორის 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში. აქ ოლიმპიური საგზური, მსოფლიოს აწ უკვე ყოფილმა რეკორდსმენმა, რეგან სმიტმა მოიპოვა. ომაჰაში (სადაც ტურნირი ტარდება) ჩასვლისას სმიტი ჯერ კიდევ რეკორდსმენი იყო, მაგრამ სანამ იასპარეზებდა, ეს რეკორდ ავსტრალიაში, ასევე ოლიმპიურ შესარჩევ ტურნირზე, კეილი მაკიუენმა გაუუმჯობესა.
სმიტმა სწრაფი სტარტი აიღო და პირველი 50 მეტრის შემდეგ, რეკორდის გრაფიკზე უკეთესი დრო ჰქონდა, თუმცა უკან გამობრუნებულმა ტემპი დაკარგა და საბოლოოდ, რეკორდს (57.45 წამი) თითქმის წამით ჩამორჩა.