საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელი Golden Boy-ს გამოკითხვაშია მონიმირებული. ეს არის ჯილდო, რომელსაც იტალიური გაზეთი Tuttosport-ი წლის ბოლოს ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს (21 წლამდე) გადასცემს.
გამოკითხვაში მონაწილეობა გულშემატკივრებს შეუძლიათ, მაგრამ მათ გარდა, გამარჯვებულს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სპორტული გამოცემები ასახელებენ - ესპანური „მარკა“, ფრანგული „ეკიპი“, ბრიტანული „თაიმსი“, ნიდერლანდული „ტელეგრაფი“, რუსული „სპორტ-ექსპრესი“, თურქული „ფანატიკი“, პორტუგალიური „ა ბოლა“ და რა თქმა უნდა, თვითონ „ტუტოსპორტი“. მთლიანობაში ხმას 40 (8 იტალიელი) ჟურნალისტი აძლევს.
ამ დროისთვის ტურინულმა გაზეთმა 100 ახალგაზრდა ფეხბურთელი შეარჩია და ერთ-ერთი კვარაცხელიაა. სხვათა შორის, ის რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც Golden Boy-ზეა ნომინირებული. სიაში სხვებთან ერთად არიან ჯუდ ბელინგემი, პედრი და ჯამალ მუსიალა.
ცნობისთვის, Golden Boy-ს პირველი ჯილდო 2003 წელს რაფაელ ვან დერ ვაარტმა მოიგო, ბოლო კი ერლინგ ჰოლანდმა. ნორვეგიელამდე ეს პრიზი ჟოაო ფელიქსს, მატიას დე ლიხტს, კილიან მბაპეს, რენატო სანჩესს, ენტონი მარსიალს, რაჰიმ სტერლინგს, პოლ პოგბას, ისკოს, მარიო გიოტცეს, მარიო ბალოტელის, პატოს, ანდერსონს, სერხიო აგუეროს, სესკ ფაბრეგასს, ლიონელ მესის, უეინ რუნის და რაფაელ ვან დერ ვაარტს აქვთ მოგებული. როგორც ხედავთ, ჩამონათვალი შთამბეჭდავია და მართლაც პრესტიჟული პრიზია. ხმის მიცემა კი მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ - Golden Boy Tuttosport.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ზედიზედ ორჯერ დასახელდა. მან გასულ სეზონში 23 მატჩში თავი 4 გოლით, 4 საგოლე პასითა და 4 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა.