ფეხბურთი

16:21 | 15.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ნეფთჩის" მწვრთნელი: "დინამო თბილისს" ჩვენთან შედარებით ორი უპირატესობა გააჩნია"

ბაქოს „ნეფთჩის“ მთავარმა მწვრთნელმა სამირ აბასოვმა „დინამო თბილისთან“ შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 41 წლის აზერბაიჯანელი სპეციალისტის განცხადებით, საქართველოს ჩემპიონს ამ ეტაპზე ორი უპირატესობა აქვს, მაგრამ იმედოვნებს, რომ მომდევნო ეტაპზე „ნეფთჩი“ გავა, რადგან ამის შანსი არსებობს.

„ძნელია მეტოქის შესახებ რაღაცის თქმა, როცა პირველად ხვდები. ვიწყებთ „დინამოს“ ანალიზს და შესწავლას. არის რამდენიმე პუნქტი, რაშიც ისინი გვჯობნიან. პირველი ის არის, რომ საქართველოში სეზონი მიმდინარეობს და „დინამო“ კარგ ფორმაშია, ორი დღის წინ „სამტრედია“ დაამარცხა. მეორე კი, ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეა, რომელიც ჩემი მთავარი მწვრთნელი იყო და კარგად ესმის ფეხბურთი. თუმცა, როგორც მწვრთნელს, მას კარგად ვიცნობ.

გარკვეული პრობლემები გვაქვს. ვიზის გამო ლეგიონერები ჯერ ვერ გვიერთდებიან, მაგრამ ეს პანიკის საფუძველი არ არის, მოვემზადებით. წილისყრამდე მკითხეთ ვინ მინდოდა მეტოქედ, მაგრამ არ გამოვარჩიე, რადგან ნებისმიერთან ერთნაირად მოვემზადებოდით. ეს თამაში ჩვენთვის გამოცდა იქნება, იმედია გადავლახავთ, შანსი არსებობს. იმედი მაქვს, რომ ჩვენს ფანებს გავახარებთ“, - აღნიშნა აბასოვმა კლუბის ტელევიზიასთან საუბარში.

შეგახსენებთ, „ნეფთჩი“ ევროთასებზე ქართულ კლუბებს ორჯერ შეხვედრია. ჩემპიონთა ლიგაზე 2012 წელს „ზესტაფონი“ დაამარცხა (3:0, 2:2), ხოლო ევროპა ლიგაზე 2014 წელს საჩხერის „ჩიხურას“ აჯობა (0:0, 3:2). აბასოვი და კახა ცხადაძე ერთმანეთს იცნობენ. 2009-2010 წლებში ისინი ბაქოს „ინტერში“ აზერბაიჯანის ჩემპიონები გახდნენ - მაშინ აბასოვი ფეხბურთელი იყო, ცხადაძე კი მწვრთნელი.

აქვე გეტყვით, რომ „დინამო თბილისი“ ბაქოს „ნეფთჩის“ 6 ივლისს თბილისში დაუპირისპირდება, ხოლო 13 ივლისს, ბაქოში ესტუმრება.

0.111578