სხვა

1:46 | 15.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯოშუა ფიქრობს რომ ფიური არასდროს შეხვდება

მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი, ბრიტანელი ენტონი ჯოშუა დარწმუნებულია, რომ თანამემამულე მსოფლიო ჩემპიონ ტაისონ ფიურისთან შეხვედრა არასდროს გაიმართება. ამის შესახებ, პრესას პრომოუტერმა ედი ჰერნმა განუცხადა.

მათი ბრძოლა უკვე დანიშნული იყო (14 აგვისტოსთვის), როცა აშშ-ში საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ ფიური ჯერ ვალდებულია, დეონტეი უაილდერთან გამართოს ბრძოლა, რომელიც რამდენიმე თვით ადრე ჩაიშალა.

ამის შემდეგ გადაწყდა, რომ ჯოშუა სექტემბერში უკრაინელ ოლეკსანდრ უსიკს დაუპირისპირდება, ფიური კი 24 ივლისს მესამე შეხვედრას გამართავს უაილდერთან. თუ ორივე მოიგებს, მათი ტიტულების გამაერთიანებელი ბრძოლაც შედგება.

„ენტონი ჯოშუა ყოველთვის ფიქრობდა, რომ მათ (ფიურის მხარეს) ბრძოლა არ სურდათ, ის გრძნობდა, რომ ფიურის მასთან შეხვედრა არ სურს. და როცა ყველაფერი ის მოხდა, რამაც ბრძოლა ჩაშალა, მან თქვა, „ვიცოდი, მასხარები ხართ“. მერე კი ტვიტერში წერა დაიწყო. საერთოდ, ერთს დაწერდა ხოლმე და ჩუმდებოდა. ეი ჯეი ალბათ ფიქრობს, რომ ეს ბრძოლა არასდროს შედგება. მე უფრო იმედით ვარ განწყობილი. და ვფიქრობ, რომ ის გაიმართება“, - ამბობს ჰერნი და დასძენს:

„თუ ეი ჯეი უსიკს ნოკაუტით მოუგებს და ფიური უაილდერს დაამარცხებს, მერე დაახლოებით ოთხ თვეში, კიდევ უფრო დიდ ბრძოლას ჩავატარებთ. ერთ-ერთმა შეიძლება წააგოს, მაგრამ თუ მოიგებენ, მერე დიდ შეხვედრას გამართავენ“.

ჯოშუასა და უსიკს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. სავარაუდოდ, შეხვედრა ლონდონის „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ სტადიონზე გაიმართება. თარიღი ჯერ დაზუსტებული არაა. ეს იქნება 18 ან 25 სექტემბერი.

34 წლის უსიკი კრეისერის წონაში (91 კგ, მძიმეს წინა კატეგორია) აბსოლუტური ჩემპიონი იყო, მაგრამ ორი წლის წინთ დამძიმდა და უმაღლეს კატეგორიაში გადავიდა. სანამ პროფესიონალი გახდებოდა, უსიკი მსოფლიო ჩემპიონი მოყვარულებშიც იყო - ბაქოში 2011 წელს გამართულ ჩემპიონატში, მძიმე წონაში გაიმარჯვა, 2012 წელს კი, ლონდონის ოლიმიადაზე, ოქროს მედალს, ასევე მძიმე წონაში დაეუფლა.

პროფესიონალურ კარიერაში, სულ 18 ბრძოლა აქვს გამართული და ყველა მოიგო, მათგან 13 ნოკაუტით.

0.112861