ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე დაშავდა და მხრის დაზიანება მიიღო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა კომენტარი გააკეთა.
“ამჟამად სტაბილურია მდგომარეობა, იმობილიზირებულია ხელი, უკეთდება რაც საჭიროა, პირველადი სამედიცინო დახმარება. მთავარია, რომ მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის საბოლოო დასკვნის შედეგად უფრო დეტალურად და ზუსტად მოგაწვდით ინფორმაციას. ამჟამინდელი ინფორმაციით, სპორტსმენი კარგად არის, დაწყნარდა და იმედის ვიტოვებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ქართველი გულშემატკივარი გაახაროს“, - თქვა კახაბრიშვილმა.
შეგახსენებთ, ლაშა ბექაურმა ტრავმა ფრანგ სედრიკ ოლივართან შეხვედრაში მიიღო. ილეთისას მან მხარი იტკინა. 20 წლის ძიუდოისტი 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიადაზე წასვლის ფავორიტად მოიაზრება.