ჩოგბურთი

21:58 | 13.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა როლან გაროსი მეორედ მოიგო

ნოვაკ ჯოკოვიჩმა საფრანგეთის ღია პირველობა მეორედ მოიგო. ფინალში მან ბერძენი სტეფანს ციციპასი უმძიმეს ხუთსეტიან ბრძოლაში, 6-7(6), 2-6, 6-3, 6-2, 6-4 დაამარცხა. სერბი ჩოგბურთელის კარიერაში, ეს დიდი სლემის მე-19 ტიტულია. მასზე მეტი, 20 ტიტული მხოლოდ ორ ჩოგბურთელს, როჯერ ფედერერს და რაფაელ ნადალს აქვთ.

ამგვარად, ჯოკოვიჩს ამ სეზონში დიდი სლემის პირველი ორი ტურნირი უკვე მოგებული აქვს. თუ დანარჩენ ორსაც მოიგებს, 1969 წლის შემდეგ იქნება პირველი, ვინც ერთ სეზონში დიდ სლემს შეასრულებს. 52 წლის წინათ, ეს ლეგენდარულმა ავსტრალიელმა როდ ლეივერმა შეძლო.

34 წლის ჯოკოვიჩმა ნახევარფინალში ნადალი ოთხსაათიან ბრძოლაში დაამარცხა და როგორც ჩანს, სერბს ფინალის დასაწყისში, სწორედ ეს დაღლილობა ეტყობოდა. ფინალის საგზურის მოსაპოვებლად, ციციპასსაც დაძაბული ბრძოლა გადახდა, თუმცა მას ძალების აღსადგენედ, რამდენიმე საათით მეტი ჰქონდა.

ფაქტია, რომ პირველ ორ სეტში უკეთესად ბერძენი თამაშობდა, ვინც პირველი სეტი ტაიბრეიკზე მოიგო, მეორე სეტი კი იოლად მოიგო. მაგრამ მესამედან ჯოკოვიჩმა შეცდომებს უკლო, თავისი მოწოდბაც გამოასწორა და საბოლოოდ, ტურნირზე მეორე ისეთი თამაში მოიგო, რომელშიც თავიდან ორი სეტით უკან იყო. ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის სტატისტიკის შესაბამისად, პროფესიონალური ჩოგბურთის ეპოქაში, ჯოკოვიჩი პირველი ჩოგბურთელია, ვინც დიდი სლემის ერთ ტურნირზე ორ შეხვედრაში შეძლო ორსეტიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა და ის ტურნირი გამარჯვებით დაასრულა.

22 წლის ციციპასისთვის, ეს დიდი სლემის ტურნირებზე ნათამაშები პირველი ფინალი იყო. ჯოკოვიჩისთვის - 29-ე. სერბს პირველად როლან გაროსი 2016 წელს აქვს მოგებული. მის ანგარიშზე ასევე არის: ავსტრალიის ღიას 9, უიმბლდონის 5 და აშშ-ის ღიას 3 ტიტული.

ჯოკოვიჩს კარიერაში 45 ხუთსეტიანი შეხვედრა აქვს გამართული, რომელთაგან 35-ე მოიგო. ამასთან, მას ეკუთვნის რეკორდი - მამაკაცთა შორის ყველაზე მეტი, 32 ხუთსეტიანი შეხვედრა, დიდი სლემის ტურნირებზე აქვს მოგებული. ციციპასის ხუთსეტიანების საკარიერო მაჩვენებელი 5 მოგება და 5 წაგებაა.

მეორე სეტის წაგების შემდეგ, ჯოკოვიჩმა გასახდელში გასვლა მოითხოვა (თითოეულ ჩოგბურთელს ორჯერ გასვლის უფლება აქვს). იქიდან დაბრუნებულმა კი თამაში გამოასწორა. განსაკუთრებით დამაჯერებლად, მოწოდბას ასრულებდა, რითაც მეტოქეს ბრეიკებისთვის ბრძოლა გაურთულა.

მესამე სეტის წაგების შემდეგ, ციციპასს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მას ბარძაყი დაუმუშავეს. აქედან მოყოლებული, თამაშის ხასიათს ციციპასი ასე აღწერს: „ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მან წინასწარ იცოდა, რას ვაპირებდი. მან ჩემი ტამაშის წაკითხვა დაიწყო“.

მესამე, მეოთხე და მეხუთე სეტების დასაწყისში, ჯოკოვიჩი თავიდანვე ახერხებდა მეტოქის მოწოდების აღებას. მოსაღამოვებულზე, ჯოკოვიჩმა დაიჩივლა, რომ განათბა საკმარისი არ იყო. მაგრამ ეს მის თამაშს არ დატყობია. ამჯერადაც, მოსაგებად მას ოთხ საათზე მეტი დასჭირდა, რის შემდეგაც განაცხადა: „საოცარი ატმოსფერო იყო რაფასთან და დღესაც, სტეფანოსთან შეხვედრისას. ამ 48 საათს არასდროს დავივიწყებ, მთელი ჩემი ცხოვრება მემახსოვრება“.

0.14683