ფეხბურთი

18:58 | 13.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის წარმატებული სტარტი და უფერული ხორვატია

ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი ფავორიტი ინგლისიც ნაკრებიც ჩაერთო და ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე მსოფლიოს მოქმედ ვიცე-ჩემპიონ ხორვატიას უმასპინძლა.

გარეთ საუთგეიტის გუნდი ფავორიტად მიიჩნებოდა და სრულიად ლოგიკურადაც. ეს თამაშმაც წარმოაჩინა, იმდენად, რამდენადაც ხორვატიას ერთი საგოლე მომენტიც არ ჰქონია და ზლატკო დალიჩის გუნდი ან ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა, ან ინგლისმა მოახერხა სრულად მისი განეიტრალება.

ფაქტია, „ლომებმა“ მეტოქეს აჯობეს, დამსახურებულადაც, თუმცა, ეს იოლად სულაც არ გაუკეთებიათ. პირველ ტაიმში ალბიონელებს ორი კარგი შანსი ჰქონდათ. ჯერ იყო და ფილ ფოდენის დარტყმა ძელს მოხვდა, მერე კი კალვინ ფილიპსის შორეული გასროლა მეკარემ უკუაგდო.

მეორე ნახევარშიც ინგლისი ფლობდა უპირატესობას, მაგრამ საგოლე მომენტების შექმნა უჭირდა. მიუხედავად ამისა, გოლი მაინც გაიტანეს. მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული „ლიდსის“ 25 წლის ნახევარმცველი ფილიპსი იყო, რომელმაც შექმნა კიდეც გოლი. მისი დიდებული პასით რაჰიმ სტერლინგი მეკარესთან პირისპირ დარჩა და გაიტანა - 1:0. მალევე ჰარი კეინს მიეცა მაგარი შანსი, ახლო მანძილიდან ცარიელ კარს ააცილა.

მთლიანობაში ხორვატიამ გოლის შემდეგ თამაში ვერ შეცვალა და მეტოქე ვერც კი შეაწუხეს და ლოგიკურია, რომ ინგლისის ნაკრებმა ევრო 2020-ზე სტარტი გამარჯვებით აიღო.

გარეთ საუთგეიტის გუნდი მეორე ტურში შოტლანდიას, ხოლო ხორვატია ჩეხეთს დაუპირისპირდება. მანამდე D ჯგუფში პირველი ტურის მატჩი შოტლანდიასა და ჩეხეთს შორის 14 ივნისს შედგება.

ინგლისი - ხორვატია 1:0 (0:0)

ლონდონი, უემბლი

ინგლისი (4-2-3-1): პიკფორდი; უოლკერი, სტოუნსი, მინგსი, ტრიპიერი; ფილიპსი, რაისი; სტერლინგი (კალვერტ-ლიუნი 90), მაუნტი, ფოდენი (რაშფორდი 71); კეინი (ბელინგემი 82)

მწვრთნელი: გარეთ საუთგეიტი

ხორვატია (4-3-3): ლივაკოვიჩი; ვრსალიკო, ვიდა, კალეტა-სერი, გვარდიოლი; მოდრიჩი, ბროჟოვიჩი (ვლაშიჩი 70), კოვაჩიჩი (პაშალიჩი 85); კრამარიჩი (ბრეკალო 70), რებიჩი (პეტკოვიჩი 78), პერიშიჩი

მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი

გოლი: 1:0 სტერლინგი (57)

გაფრთხილება: ფოდენი (64) - კალეტა-სარი (42), კოვაჩიჩი (48), ბროჟოვიჩი (66)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (2) – 5 (1) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 1:1 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

0.17464