საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე, რომელმაც ესპანური „ტენერიფე“ დატოვა, კარიერას პოლონეთის ექსტრაკლასაში გააგრძელებს.
კაკაბაძე „კრაკოვიაში“ გადავიდა, რომელთაც კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა და მომდევნო სეზონიდან ძალებს პოლონეთის ჩემპიონატში მოსინჯავს. ინფორმაცია პოლონელებმა ოფიციალურად დაადასტურეს.
ოთარი ორიგინალურად წარადგინეს - სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ის კრაკოვში მდებარე ქართული სამზარეულოს ობიექტზე მივიდა, სადაც მას „კრაკოვიას“ თეთრ-წითელ მაისურს გადასცეს. „კრაკოვია“ ექსტრაკლასას ბინადარია, მაგრამ გასულ სეზონში წარმატებით ვერ ითამაშა და მე-14 ადგილზე გავიდა, რითაც გავარდნას მაინც გადაურჩა.
შეგახსენებთ, რომ ოთარ კაკაბაძემ კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო, საიდანაც 2016 წელს ტარაგონას „ხიმნასტიკში“ გადავიდა და 2017-2018 წლების სეზონი მაღალ დონეზეც ჩაატარა. ესპანეთიდან ოთარი შვეიცარიაში გადაბარგდა, სადაც „ლუცერნის“ ღირსებას იცავდა, ხოლო გასული სეზონი ისევ ესპანეთში, „ტენერიფეში“ გაატარა, სადაც 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 25 წლის ფეხბურთელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 41 შეხვედრა აქვს ჩატარებული.