ფეხბურთი

0:58 | 12.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

სუპერიტალია! "სკუადრა აძურამ" ევრო 2020 ფანტასტიკურად და რეკორდით დაიწყო

ევრო 2020 დაიწყო! კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპის ჩემპიონატებს შორის ოთხის ნაცვლად ხუთწლიანი პაუზა გამოვიდა და უსასრულო ლოდინი რომში, „სტადიო ოლიმპიკოზე“ დასრულდა, სადაც იტალიის ნაკრებმა თურქეთის ნაკრებს უმასპინძლა და ევორ 2020-მა სტარტი A ჯგუფიდან აიღო.

რობერტო მანჩინის გუნდი ამ შეხვედრას 3-წლიანი წაუგებელი სერიით შეხვდა და ბოლო რვა მატჩში გოლიც არ ჰქონდა გაშვებული. ამდენად, „სკუადრა აძურას“ მიმართ მოლოდინი განსაკუთრებულად დიდი იყო და პირველი ტურის მერე ეს მოლოდინი კიდევ უფრო გაიზარდა. მეორეს მხრივ, იტალიელთა მეტოქე თურქეთი იყო, რომელსაც ანგარიშგასაწევი გუნდი ჰყავს და ბევრი მისგან სიურპრიზსაც ელის.

თუმცა, რომში გამართულმა შეხვედრამ კლასში დიდი სხვაობა აჩვენა - იტალიამ მეტოქე დაჯაბნა! „სკუადრა აძურა“ თურქეთს ისტორიაში მე-12-ედ შეხვდა და არასდროს წაუგია - 9 მოგება, 3 ფრე!

აპენინელებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს და რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნეს, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს. ახლოს გოლთან ლორენცო ინსინიე იყო, მაგრამ მისი დარტყმა კარს ასცდა. თურქები მეტოქის შეწუხებას ვერ ახერხებდნენ და ჯანლუიჯი დონარუმა, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა მეკარე გახდა, ვინც დიდ ტურნირზე (მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატი) იტალიის კარი დაიცვა (22 წლის და 106 დღის), უსაქმოდ იყო. ყველაზე მაგარი მომენტი ჯორჯო კიელინის ჰქონდა, რომლის დარტყმა მეკარემ გაჭირვებით მოიგერია.

მეორე ტაიმში იტალია სწრაფად დაწინაურდა. დომენიკო ბერარდიმ მარჯვენა ფლანგი გაარღვია და მერიჰ დემირალი, რომელიც ბურთის ჩაჭრას ცდილობდა, ავტოგოლის ავტორი გახდა. ამდენად, ევროპის ჩემპიონატი ავტოგოლით დაიწყო, რაც ისტორიაში პირველად მოხდა. მანჩინის გუნდი გატანილი გოლის შემდეგ არ გაჩერებულა და კიდევ უფრო ლაღი გახდა. იტალიის ნაკრებისგან ასეთი ფეხბურთი არც ისე ხშირია და აშკარაა, რომ ფავორიტთა შორის აშკარად უნდა შევიყვანოთ.

დემირალის ავტოგოლიდან სულ მალე იტალიელებმა სხვაობა ორამდე გაზარდეს. ლეონაროდ სპინაცოლას ძლიერი დარტყმა მეკარემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას ჩირო იმობილემ დაასწრო და მატჩის ბედი გადაწყვიტა. წერტილი ლორენცო ინსინიემ დასვა, რომელსაც პასი იმობილემ გაუკეთა და ლორენცომაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

შედეგად, იტალიამ ევროპის ჩემპიონატი 3 ქულით და ძალიან მაგარი თამაშით დაიწყო. თურქეთის რეალური ძალა მომდევნო ტურებში უნდა გამოჩნდეს. საინტერესოა, რომ იტალიამ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 39-ე თამაში ჩაატარა და პირველად გაიტანა თამაშში 3 გოლი! აქამდე, „აძურას“ ევროპის ჩემპიონატზე თამაშში 2 გოლზე მეტი არასდროს გაეტანა. ჯორჯო კიელინიმ მეოთხედ ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და იტალიელ ფეხბურთელებში მსგავსი შედეგი მხოლოდ ჯანლუიჯი ბუფონსა და ალესანდრო დელ პიეროს აქვთ. "აძურამ" დიდ ტურნირებზე მერვედ ითამაშა რომში და ისევ დაუმარცხებელია (6 მოგება, 2 ფრე).

იტალიელებმა თურქები, რომ მაგრად დაჩაგრეს სტატისტიკაც მოწმობს: მანჩინის გუნდმა კარისკენ 19-ჯერ დაარტყა, კარში 11-ჯერ, ხოლო თურქეთს კარში არ დაურტყამს და კარისკენ მხოლოდ ერთხელ დაარტყა...

იტალიის ნაკრები მეორე ტურში 16 ივნისს შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო თურქეთი ბაქოში უელსს შეხვდება.

თურქეთი - იტალია 0:3 (0:0)

რომი, „სტადიო ოლიმპიკო“

მაყურებელი: 16 000

თურქეთი (4-1-4-1): უგურჯანი; ჩელიკი, დემირალი, სოიუნჯუ, მერაში; იოკუშლუ (კაჰვეჯი 65); კარამანი (დერვისოღლუ 76), ტუფანი (აიჰანი 64), იაზიჯი (ჯენგიზ იუნდერი 46); ჩალჰანოღლუ; ილმაზი

მწვრთნელი: შენოლ გიუნეში

იტალია (4-3-3): დონარუმა; ფლორენცი (დი ლორენცო 46); ბონუჩი, კიელინი, სპინაცოლა; ბარელა, ჟორჟინიო, ლოკატელი (კრისტანტე 74); ბერარდი (ბერნარდესკი 85), იმობილე (ბელოტი 81), ინსინიე (კიეზა 81)

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

გოლები: 0:1 დემირალი (53, ა.გ), 0:2 იმობილე (66), 0:3 ინსინიე (79)

გაფრთხილება: სოიუნჯუ (88), დერვისოღლუ (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 1 (0) – 19 (8) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 2:8 თამაშარე: 2:4

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): ლეონარდო სპინაცოლა (იტალია)

მსაჯი: დანი მაკეილე (ნიდერლანდები)

0.328623