ძიუდო

14:26 | 11.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტელიანი და სულამანიძე მეოთხედფინალში დამარცხდნენ: ორივე ბრინჯაოსთვის იბრძვის

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს ტატამზე ორი ქართველი ძიუდოისტი გავიდა და ორივე 100 კგ წონით კატეგორიაში.

ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე მეოთხედფინალამდე მივიდნენ, სადაც ორივემ მარცხი განიცადა. ვარლამმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და ნიდერლანდელ სიმეონ კატარინას აჯობა, შემდეგ კი იაპონელი კენტარო იდა ვაზარით დაამარცხა. 1/4 ფინალში ლიპარტელიანი სერბ ალეკსანდარ კუკოლის ვაზარით უგებდა, მაგრამ ბრძოლის დასრულებამდე 54 წამით ადრე სერბმა იპონით იმარჯვა. ქართველი ძიუდოისტი რეპეშაჟში გადაინაცვლებს და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, სადაც პირველ წრეში რუსეთის სახელით მოასპარეზე არმან ადამიანს გაეჯიბრა და ვაზარით მოუგო. ბრინჯაოს მედლისთვის 32 წლის ქართველი ნიდერლანდელ მიხაელ კორელს შეხვდება.

ილია სულამანიძემ თურქი მერთ სისმანლარი დაამარცხა, მერე კი აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვს აჯობა. ილიამ მესამე შეხვედრაში მონღოლ ოტგონბაატარ ლხაგვასურენთან იმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა, რაც სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შესანიშნავი შედეგია. იქ სულამანიძე პორტუგალიელ ჟორჟე ფონსეკასთან იოლად, იპონით დამარცხდა და რეპეშაჟში 19 წლის ძიუდოისტი ფრანგ ალექსანდრ იდირს შეხვდა, იმარჯვა და ბრინჯაოს მედლამდე ერთი გამარჯვება აშორებს და ამისთვის კანადელი შადი ელნაჰასის დამარცხება სჭირდება. ამრიგად, საქართველოს დღეს ფინალურ ბლოკში ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს.

შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაციის აქტივში ამ დროისთვის ორი მედალია. ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ოქრო და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ვერხლი მოიპოვა. 12 ივნისს +100 კგ წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილი პირველი წრისგან თავისუფალია და მეორე წრეში სენეგალელ მბაგნიკ ნდიაიეს შეხვდება, ქალთა შორის +78 კგ წონით კატეგორიაში კი სოფიო სომხიშვილის მეტოქე სამხრეთ კორეელი კიმ ჰაიუნი იქნება.

0.119944