ავტოსპორტი

1:54 | 10.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

შეცვლიან თუ არა ბოტასს

ვალტერი ბოტასი მიმდინარე სეზონს ძალიან სუსტად ატარებს. რა თქმა უნდა, ხშირად იღბალიც არ სწყალობს, თუმცა ბაქოში მას არაფერი ეტყობოდა, რომ „მერსედესის“ უძლეველი გუნდის წევრია. მან კვალიფიკაციაზე მე-10 დრო ჰქონდა, რბოლა უქულოდ დაასრულა.

ამჟამად ფინელ პილოტს ჩემპიონატში მეექვსე ადგილი უკავია და თანაგუნდელი ლუის ჰამილტონს 54 ქულით ჩამორჩება. მშრალი რიცხვები მაინც არ აჩვენებს იმ სიტუაციას, რომელშიც ბოტასი აღმოჩნდა. ის ვერც გუნდს ეხმარება კონსტრუქტორთა პირველობაზე და ვერც ჰამილტონს, ვინც მერვე ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვის.

გერმანიაში უკვე ამბობენ, რომ ბოტასის გამოსვლა კატასტროფულია და რომ ის შესაცვლელია. მის ადგილზე კი, რა თქმა უნდა, ბრიტანელი ჯორჯ რასელის კანდიდატურა განიხილება, ვინც შარშან ერთ რბოლაში შეცვალა ჰამილტონი.

„ერთია, რომ ბოტასი გუნდში მოსწონთ, მაგრამ მისი დრო გავიდა. დროა, მის მანქანაზე რასელი დასვან“, - ასეთ აზრს გამოთქვამს გერმანული ტელეარხი RTL. და ამ მოსაზრებას, რალფ შუმახერიც იზიარებს.

„ვალტერი მონაკოში კარგი იყო, მაგრამ ბაქოში ისევ ვერ ივარგა. და ეს მერსედესისთვის დიდი პრობლემაა, რადგან გუნდი ტიტულისთვის იბრძვის. ვალტერი გუნდს კონსტრუქტორების ჩემპიონატში ვერ ეხმარება და ვერც ჰამილტონს უმაგრებს ზურგს“, - ამბობს რალფი.

„მერსედესის“ შეფი ტოტო ვოლფი კი თავის პილოტს უფრო თავშეკავებულად აფასებს: „ვალტერის ამ სეზონში იმდენად არ უმართლებს, დაჯერებაც კი ძნელია. თუნდაც მონაკო გავიხსენოთ. ჩვენ რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, როცა მომავალი სეზონისთვის პილოტის არჩევაზე ვიფიქრებთ“, - ამბობს ვოლფი.

0.119753