საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა თბილისში აზერბაიჯანის 17-წლამდე ნაკრებთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა და 2:1 იმარჯვა.
ქართველმა ფეხბურთელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და დასაწყისშივე პენალტის შესრულების უფლება მოიპოვეს, მაგრამ ლუკა პარკაძემ გატანა ვერ შეძლო. ანგარიში 29-ე წუთზე ნიკა ნინიძემ გახსნა და ტაიმი საქართველომ მაინც მოიგო.
მეორე ნახევარში გუნდებმა გოლები გაცვალეს. ჯერ გიორგი ტაბატაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა, ოთხ წუთში სტუმრებმა ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ მეტი ვეღარ გააკეთეს და ქართველმა ფეხბურთელებმა 2:1 იმარჯვეს.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა აზერბაიჯანელ თანატოლებთან ორი სპარინგი ჩაატარა და ორივე 2:1 მოიგო.
საქართველო - აზერბაიჯანი 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 ნინიძე (29), 2:0 ტაბატაძე (59), 2:1 მამედოვი (63)