აზერბაიჯანის დიდი პრიზის რბოლისას, ორი მსგავსი ინციდენტი მოხდა, რომელთაგან ერთმა, მაქს ფერსტაპენს გამარჯვება დააკარგვინა. ორივე შემთხვევაში, ინციდენტი უკანა მრცხენა საბურავის დაზიანებამ გამოიწვია. ამის გამო, ლანს სტროლმა (ასტონ მარტინი) და ფერსტაპენმა (რედ ბული) მართვა მაშინ დაკარგეს, როდესაც მათი მანქანბის სიჩქარე 310 კმ/სთ-ზე მეტი იყო.
ბედად, ორივე უვნებელი გადარჩა. მაგრამ ავარიების მიზეზი ორივე შემთხვევაში მსგავსი იყო. და რა თქმა უნდა, ამაზე „პირელის“ პასუხი ჰქონდა გასაცემი. მთავარი კითხვა, საბურავების დაზიანების მიზეზს უკავშირდება. პირველადი შემოწმების შემდეგ, იტალიურმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ მომხდარის მიზეზი, შესაძლოა ტრასაზე დაყრილი (მანქანის) ნამსხვრევები იყო.
„ჯერჯერობით ადრეა იმაზე ლაპარაკი, თუ რეალურად რამ გამოიწვია საბურავების დაზიანება. მათ მილანში გავგზავნით ექსპერტიზისთვის. მაგრამ პირველადი ანალიზის შემდეგ შეგვიძლია თქმა, რომ ორივე საბურავი, ტრასაზე დაყრილი ნამსხვრევებით დაზიანდა“, - ამბობს „პირელის“ შეფი მარიო იზოლა.
მისი თქმით, ბაქოს ტრეკზე, უკანა საბურავებს შორის, მეტი დატვირთვა მარჯვენაზე მოდის. ისე კი, ყველაზე ინტენსიურად, მარჯვენა წინა საბურავი ცვდება. იმავდროულად, „პირელის“ სპეციალისტებმა, მსგავსი დაზიანება ლუის ჰამილტონის უკანა მარცხენა საბურავზეც აღმოაჩინეს. ბედად, ამ დაზიანებას საბურავი მწყობრიდან არ გამოუყვანია. და ეს დაზიანება, აშკარად ნამსხვრევისგან იყო მიყენებული.