კალათბურთი

22:43 | 7.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია VTB ლიგის ფინალში საუკეთესო იყო, ცსკა-ს ჩემპიონობამდე მცირედი აშორებს

VTB ლიგის ფინალური სერიის მეორე შეხვედრაში მოსკოვის ცსკა-მ ყაზანის „უნიქსი“ სტუმრად დამაჯერებლად, 76:57 დაამარცხა და ჩემპიონობისკენ მორიგი დიდი ნაბიჯი გადადგა. დმიტრი იტუდისის გუნდმა მეტოქეს ერთი თავით აჯობა და ადვილად იმარჯვა.

მოედანზე საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 25:15 წუთში 18 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 13-დან 5 ორქულიანი და 12-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. 18 ქულით ის ორივე გუნდში საუკეთესო გახლდათ.

მოსკოველთა რიგებში იოჰანეს ვოიტმანსაც კარგი თამაში ჰქონდა, რომელმაც 16 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.

სერიაში ცსკა 2:0 დაწინაურდა, მომდევნო მატჩი 10 ივნისს მოსკოვში გაიმართება, გამარჯვების შემთხვევაში კი შენგელია და მისი თანაგუნდელები VTB ლიგის ჩემპიონები გახდებიან.

0.117081