ფეხბურთი

10:58 | 7.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

შეფასებები: საუკეთესო ლორია და შესასწავლი შეცდომები

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთში გამარჯვების შემდეგ ნიდერლანდების ნაკრებთან 0:3 წააგო და შეკრება დაასრულა. ენსხედეში ვილი სანიოლმა გუნდი ახალი ტაქტიკით ათამაშა, რამდენიმე ფეხბურთელიც ნახა საქმეში და საერთოდ, ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა, გააკეთო ის, რის შესაძლებლობასაც ოფიციალური მატჩი არ იძლევა.

ნამატჩევს ფრანგმა თქვა კიდეც, რომ მთავარია ზუსტად გაანალიზონ ის პლუს-მინუსები, რომელიც ბოლო ორმა ტესტ-მატჩმა წარმოაჩინა. WORLDSPORT.GE წარმოგიდგენთ ფეხბურთელთა შეფასებებს და საქართველოს ნაკრებში საუკეთესო მეკარე გიორგი ლორია იყო.

გიორგი ლორია 7 - მიუხედავად იმისა, რომ სამი გოლი გაუშვა, საქართველოს ნაკრებში საუკეთესო იყო. რამდენიმე რთული და ლამაზი ჩაიწერა აქტივში და გაშვებულ გოლებშიც მისი ბრალეულობა არ არსებობს.

დავით ხოჭოლავა 5.5 - სამმცველიან სქემაში თამაშის შეჩვეული არ არის, თანაც მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციას. განსაკუთრებით შესამჩნევი არ ყოფილა, არც ბევრი შეცდომა ჰქონია, მაგრამ არც გამორჩეული თამაში ჰქონდა.

ჯაბა ჯიღაური 6 - ყველაზე რეალური საგოლე მომენტი მას ჰქონდა და ძალიან ახლოს იყო ულამაზეს გოლთან, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა. თამაშის ბოლო ნაწილში ხიფათი მხოლოდ მან შექმნა, ორი შორეული დარტყმით.

გურამ კაშია 6 - საქართველოს ნაკრების დაცვაში კაპიტანი ნამდვილად საუკეთესო იყო. პირველ ტაიმში ჟორჟინიო ვეინალდუმს ბურთი ფენომენალური ვარდნით წაართვა და გუნდი დიდ ხიფათს გადაარჩინა. გარდა ამისა, სხვა ეპიზოდებშიც გამოირჩეოდა.

ლაშა დვალი 5 - ის 3 მცველში, მარცხენა ცენტრალური მცველი იყო. მე-9 წუთზე დენზელ დუმფრისი გაექცა და საჯარიმოში წესები დაარღვია, რაც პენალტად და გოლად დაუჯდა ნაკრებს. გარკვეულ მომენტებში ნორმალურად გამოიყურებოდა, მაგრამ მეორე გოლზეც ჩავარდა და შემდეგ კაშიამ მისი დაზღვევა ვერ მოასწრო.

ოთარ კაკაბაძე 5 - სქემა, რომლითაც სანიოლმა ათამაშა გუნდი, ფლანგის ფეხბურთელებს უდიდესი როლი და მნიშვნელობა აქვთ. კაკაბაძემ ვერც დაცვაში შეძლო დამაჯერებლად თამაში და შეტევაშიც ჩართვასაც ვერ ახერხებდა, რაც ასე მნიშვნელოვანია 3-5-2 ან 3-4-3 სქემაში.

გიორგი აბურჯანია 6 - ნახევარდაცვის ცენტრში ყველაზე კარგად ის გამოიყურებოდა. მეორე წუთზევე ძალიან მაგარი პასით საბა ლობჟანიძე მეკარეს შეატოვა, მაგრამ გარჯა არ დაუფასდა. მის თამაშში პროგრესი შეინიშნება.

მურთაზ დაუშვილი შ.გ - ის თამაშში მხოლოდ 78-ე წუთიდან ჩაერთო.

ვაკო გვილია 5 - აქტიურობდა, მაგრამ მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან დაბალი ექნებოდა. პირველ ტაიმში რამდენჯერმე უწყინარ სიტუაციაში დაკარგა ბურთი. პირველ ტაიმში ძალიან მაგარი საგოლე შანსი ჰქონდა, მაგრამ ცუდად დაარტყა, მეორე ნახევარშიც ის იყო ახლოს გოლთან, თანაც ორჯერ. ჯერ დარტყმა დააგვიანა, მერე სტეკელნბურგის წინ მყოფმა ბურთს მიმართულება ცუდად შეუცვალა. ვაკო საუკეთესო ფორმისგან ნამდვილად შორსაა, ისეთისგან, როგორშიც 2019-2020 წლების სეზონში „ლეგიაში“ იყო.

ნიკა კვეკვესკირი შ.გ - მან მხოლოდ ბოლო წუთები ითამაშა.

გურამ გიორბელიძე 5 - როგორც კაკაბაძის შემთხვევაში, აქაც იგივეს თქმა შეიძლება. ნიდერლანდების ნაკრებს ფლანგებზე პრობლემები არ ჰქონია და გურამსაც არ ჩაუტარებია კარგი თამაში, განსხვავებით მარტის სანაკრებო მატჩებისგან.

საბა ლობჟანიძე 5.5 - მეორე წუთზე ოდნავ უკეთ რომ ეთამაშა ანგარიშს გახსნიდა, მაგრამ სტეკელენბურგს ვერ აჯობა. ზოგადად, პირველ ტაიმში აქტიური იყო, მერეც შექმნა ხიფათი, თუმცა მეორე ნახევარში მოედანზე აღარ გამოჩენილა.

ზურიკო დავითაშვილი 5 - ზურიკოს შანსი მიეცა, მაგრამ ჩაკარგული იყო. ის არ არის მარჯვენა ფლანგელი, რაც ამ თამაშმაც დაადასტურა. ერთხელ მოხვდა მარცხენა ფლანგზე და მაშინვე ხიფათი შექმნა, კარშიც დაარტყა, მაგრამ გვილიამ ბურთს მიმართულება ცუდად შეუცვალა.

ბუდუ ზივზივაძე 5 - ჯერჯერობით ზივზივაძე სანაკრებო შანსს ვერ იყენებს. მოწყვეტილი იყო გუნდურ თამაშს და ნიდერლანდელ მცველებს ვერ აწუხებდა.

გიორგი მიქაუტაძე 5.5 - გიორგი ამჯერად მხოლოდ 25 წუთი იყო მინდორზე და მალევე ლამის პირისპირ დარჩა მეკარესთან, მცველმა ბოლო მომენტში დაასწრო. ერთხელ შორიდან გატანა სცადა, მაგრამ არაზუსტი მცდელობა იყო. აშკარაა, რომ მას მომატების პოტენციალი გააჩნია.

ოთარ კიტეიშვილი 5.5 - პირველ ტაიმში საკმაოდ კარგად ითამაშა, ვაკო გვილიას დიდებული პასიც გაუკეთა. მეორე ნახევარში უფრო ჩრდილში იყო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოთარის ადგილი ფლანგზე არაა, ის უფრო კარგად ცენტრში გამოიყურება ან ფორვარდის უკან.

სერგო კუხიანიძე შ.გ - წყალტუბოს „სამგურალის“ ფორვარდს ნაკრებში დებიუტი ჰქონდა. მხოლოდ 5 წუთი ითამაშა კომპენსირებული დროის ჩათვლით, მაგრამ დებიუტი ყოველთვის დასამახსოვრებელია.

0.12362