ფეხბურთი

1:55 | 7.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

გერმანია ევროპის 21-წლამდე ჩემპიონია, ფინალი კი ქართველებმა იმსაჯეს

გერმანიის 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონია. ლუბლიანაში გამართულ ფინალში შტეფან კუნცის გუნდმა პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

მატჩის ბედი მეორე ტაიმის დასაწყისში ლუკას ნმეჩას გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც მეტოქის დაცვაში არსებული სივრცე იდეალურად გამოიყენა და თამაშის გმირი გახდა. აღსანიშნავია, რომ ნმეჩამ 2017 წელს საქართველოში ჩატარებულ 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალშიც გამარჯვების გოლი გაიტანა, მაშინაც პორტუგალიასთან, მაგრამ არა გერმანიის, არამედ ინგლისის 19-წლამდე ნაკრების რიგებში.

ნმეჩას ინგლისის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, მაგრამ ცოტა ხნის წინ გერმანიის 21-წლამდე ნაკრები აირჩია და საოცარი შედეგი აქვს - 20 მატჩში 12 გოლი. ნმეჩა „მანჩესტერ სიტის“ საკუთრებაა, იჯარით „ანდერლეხტში“ გაატარა გასული სეზონი და 41 თამაშში 21 გოლი გაიტანა.

გერმანიის 21-წლამდე ნაკრები ისტორიაში მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი (2009, 2017, 2021), ხოლო პორტუგალიას ეს ტიტული არ მოუგია, სამაგიეროდ, მესამე ფინალი წააგო.

ფინალი, რომელსაც ქართველი არბიტრები მსაჯობდნენ. მთავარი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი იყო და 6 ყვითელი ბარათი გამოიყენა, გვერდითი არბიტრის ფუნქციები ზაზა ფიფია და ლევან ვარამიშვილი იყვნენ, ხოლო მეოთხე მსაჯის ფუნქცია ირაკლი კვირიკაშვილმა შეასრულა.

გერმანია - პორტუგალია 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ნმეჩა (49)

0.133354