„რედ ბულის“ მექსიკელმა სერხიო პერესმა, აზერბაიჯანის დიდი პრიზის დრამატული რბოლა მოიგო. რბოლის მიწურულს, ასპარეზობას პერესის თანაგუნდელი და ჩემპიონატის ლიდერი, მაქს ფერსტაპენი გამოეთიშა, ვისაც საბურავმა უმტყუნა, შემდეგ კი ბოლოსწინა წრეზე, რესტარტის დროს, ლუის ჰამილტონი შეცდა, როცა პერესს ასწრებდა და პელოტონის სათავიდან, ბოლოში გადაინაცვლა.
პერესს გამრჯვებისკენ გზა გაეხსნა, მაგრამ მეტოქეთა უიღბლობა არ ნიშნავს, რომ მექსიკელი გამრჯვებას არ იმსახურებდა. როგორც ყოველთვის, მან რბოლა უშეცდომოდ ჩაატარა, იყო სტაბილური და სწრაფი და კარგა ხანს, ჰამილტონის შეტევებსაც იოლად იგერიებდა.
ფერსტაპენს იღბალმა აქცია ზურგი. ეს ფინიშამდე 6 წრით ადრე მოხდა, როცა დამაჯერებლად ლიდერობდა. უფრო მეტიც, მას ჰამილტონისგან პერესი აშორებდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის რამდენიმე შეტევა მოიგერია. ეს ნიშნავდა, რომ ჰოლანდიელი ბაქოს შემდგ, ჰამილტონთან ქულებში უპირატესობას გაზრდიდა. მაგრამ სხვაგვარად ინება მისი მანქანის უკანა მარცხენა ბორბალმა, რომელიც სტარტ-ფინიშის სწორზე გამოვიდა მწყობრიდან. ფერსტაპენმა მართვა დაკარგა და კედელს დაეჯახა.
რბოლა მეორედ შეწყდა. პირველად ეს ლანს სტროლის მსგავსი ავარიის შემდეგ მოხდა. ოღონდ, მაშინ მსაჯებმა ტრასაზე უსაფრთხოების მანქანის გამოყვანა საკმარისად ჩათვალეს. მაგრამ ინციდენტის გამეორების გამო, რბოლა გააჩერეს, რათა ყველა მონაწილეს საბურავები შეეცვალა და ტრასა ნამტვრევებისგან გაწმენდილიყო.
მეორე რესტარტზე პოული პერესს ეკავა, მეორე კი ჰამილტონი იყო. მსაჯების გადაწყვეტილებით, რესტარტი ადგილიდან უნდა ყოფილიყო. ჰამილტონმა უკეთესი სტარტი აიღო და თითქოს, პირველ მოსახვევში პირველი შედიოდა, მაგრამ მოულოდნელად, არ მოუხვია და მოსახვევის უსაფრთხოების „ჯიბეში“ შევიდა. იქიდან კი ტრასას პელოტონის კუდში დაუბრუნდა...
ჰამილტონს უფრო ადრეც უმტყუნა ბედმა - ეს პირველ პიტ სტოპზე მოხდა, როცა ბორბლების შეცვლაზე 2 წამით მეტი დაიკარგა. ეს კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ „რედ ბულის“ ორივე პილოტს უკან მოეტოვებინა. არადა, ჰამილტონმა რბოლის დასაწყისშივე გაასწრო შარლ ლეკლერს, ვინც სტარტი პოულიდან აიღო და რბოლასაც ერთხანს ლიდრობდა.
რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა სებასტიან ფეტელმა, რომელმაც როგორც ჩანს, „ასტონ მარტინთან“ ადაპტაცია უკვე გაიარა. მან რბოლა მე-11 ადგილიდან დაიწყო და მეორემ დაასრულა, რაც ინგლისური გუნდისთვის საუკეთესო შედეგია. სხვათა შორის, გვიანი პიტ სტოპის წყალობით, ფეტელმა რამდენიმე წრე ლიდერის რანგშიც გაატარა. საბურავების გამოცვლის შემდეგ, ფეტელმა ლეკლერს და პიერ გასლის გაასწრო და მეოთხეზე გადაინაცვლა. ეს მანამ მოხდა, სანამ ფერსტაპენი და ჰამილტონი ჯერაც წინ იყვნენ.
ბოლო წრეებზე დაძაბული პაექრობა ჰქონდათ გასლის და ლეკლერს. ერთ მომენტში, მონაკოელმა შეძლო მეტოქის ჩამოტოვება და მესამე ადგილზე გადაინაცვლა, მაგრამ ფრანგმა იქვე შეუტია და პოზიცია დაიბრუნა. ლეკლერს კიდევ რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, მაგრამ ამჯერად გასლიმ გასწრების საშუალება აღარ მისცა.
„ძალიან ბედნიერი ვარ. საერთოდ, ბაქოში ყოველთვის გიჟური რბოლები გვაქვს ხოლმე. მაქსის გამო ვწუხვარ, რადგან მას წარმოუდგენლად კარგი რბოლა ჰქონდა და გამარჯვებასაც იმსახურებდა. რესტარტზე ცუდი რეაქცია მქონდა და ლუისი უცებ გვერდში ამომიდგა. რაც შემეძლო, გვიან დავამუხრუჭე, მას კი ეს არ გამოუვიდა“, - ყვება პერესი.
აზერბაიჯანის დიდი პრიზი
ბაქო, დისტანცია 306.049 კმ (6.003 კმ, 51 წრე)
- სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 2:13:36.410
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1.385
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 2.762
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 3.828
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 4.754
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 6.382
- იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 6.624
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 7.709
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 8.874
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 9.576
- ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 10.254
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 11.264
- მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 14.241
- ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 14.315
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 17.668
- ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 42.379
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 3 წრე
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 6 წრე
- ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 22 წრე
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 48 წრე
უსწრაფესი წრე: მაქს ფერსტაპენი - 1:44.481 (44-ე წრე, 206.839 კმ/სთ)
მრბოლთა ჩემპიონატი
1. მაქს ფერსტაპენი - 105 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 101; 3. სერხიო პერესი - 69; 4. ლანდო ნორისი - 66; 5. შარლ ლეკლერი - 52; 6. ვალტერი ბოტასი - 47; 7. კარლოს საინსი - 42; 8. პიერ გასლი - 31; 9. სებასტიან ფეტელი - 28; 10. დანიელ რიკარდო - 26; 11. ფერნანდო ალონსო - 13; 12. ესტებან ოკონი - 12; 13. ლანს სტროლი - 9; 14. იუკი ცუნოდა - 8; 15-16. კიმი რაიკონენი და ანტონიო ჯოვინაცი - 1; 17-20. მიკ შუმახერი, ჯორჯ რასელი, ნიკოლას ლატიფი და ნიკიტა მაზეპინი
კონსტრუქტორთა ჩემპიონატი
1. რედ ბულ-ჰონდა - 174 ქულა; 2. მერსედესი - 1483. ფერარი - 94; 4. მაკლარენ-მერსედესი - 92; 5. ალფატაური-ჰონდა - 39; 6. ასტონ მარტინ-მერსედესი - 37; 7. ალპინ-რენო - 25; 8. ალფა რომეო-ფერარი - 2; 9-10. უილიამს-მერსედესი და ჰაას-ფერარი - 0