კრის ფრუმმა განაცხადა, რომ ამ სეზონში ტურ დე ფრანსზე გამარჯვების შანსი პრაქტიკულად არ აქვს. ბრიტანელი ამბობს, რომ საფრანგეთში მეხუთე გამარჯვების მოსაპოვებლად, მეტი დრო სჭირდება, რათა სათანადო ფორმაში შევიდეს.
ფრუმს ტურ დე ფრანსი ოთხჯერ (2013, 2015, 2016 და 2017 წლებში) აქვს მოგებული და ყველა ტრიუმფს „ინეოს გრენადერსთან“ ერთად მიაღწია, რომელიც გასული სეზონის ბოლოს დატოვა. შარშან ის ტურზე არ გამოსულა. ამ სეზონში კი თავის ახალ გუნდ „ისრაელ სტარტ-აპ ნეიშენთან“ ერთად იასპარეზებს.
36 წლის ფრუმი ამჟამად ერთკვირიან რბოლა კრიტერიუმ დუ დოფინზე ასპარეზობს, რომელიც ტურის წინ ბოლო დიდი გამოცდა იყო. 2019 წელს სწორედ ამ რბოლაში შეემთხვა მძიმე ინციდენტი, რომელმაც მისი კარიერა ლამის დაასრულა. სწორედ დოფინის დროზე რბოლის ეტაპის შემდეგ, ფრუმი მიხვდა, რომ დიდი ტურის მოსაგებად ჯერ მზად არაა.
„ტურ დე ფრანსის მოგებაზე არც ვლაპარაკობ. ახლა უფრო იმაზე ვარ ფოკუსირებული, რომ უწინდელ დონეზე დავბრუნდე და ამ მიმართულებით ერთი ნაბიჯი გადავდგა. ახლა რომ ფორმაში ვარ, ამით რამდენიმე კვირაში ტურს ვერ მოვიგებ“, - ამბობს ფრუმი.
ბრიტანელი ველომრბოლი კმაყოფილია იმ პროგრესით, რაც ამ თვეებში აქვს. მან ამ სეზონში ოთხ რბოლაში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან საუკეთესო შედეგი (47-ე ადგილი) არაბეთის საემიროების ტურზე ჰქონდა.
ტურ დე ფრანსი სტარტს საფრანგეთის საპორტო ქალაქ ბრესტში, 26 ივნისს აიღებს.