იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის წინ ბოლო ამხანაგური თამაში ჩაატარა და ჩეხეთის ნაკრები დიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხა. რობერტო მანჩინი თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი იყო და თქვა, რომ ასეთი თამაში ევროპის ჩემპიონატისთვის კარგის ნიშანია.
„ძალიან კარგად ვითამაშეთ ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ. მატჩი სწორი დამოკიდებულებით დავიწყეთ. ევროპის ჩემპიონატისთვის ეს კარგი წინაპირობაა. ცხადია, ყოველთვის არის გასაუმჯობესებელი, გუნდში ბევრი ახალგაზრდა გვყავს, მაგრამ ასე თამაში უდაოდ კარგის ნიშანია.
ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ, შევუტიოთ და თავი კარგად დავიცათ. სწორი მენტალიტეტი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. ინსინიემ დაბადების დღეზე შესანიშნავი გოლი გაიტანა. იმედი გვაქვს, რომ ერთად კიდევ ბევრ დღეს გავატარებთ“, - თქვა მანჩინიმ.
შეგახსენებთ, იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თურქეთის, შვეიცარიისა და უელსის ნაკრებებს დაუპირისპირდება. 11 ივნისს, ევრო 2020 სწორედ იტალიისა და თურქეთის მატჩით გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ იტალიას 27-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.