ჩოგბურთი

3:56 | 4.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი თავისი თამაშით კმაყოფილია

17 თვის განმავლობაში, როჯერ ფედერერს ძალინ ცოტა შეხვედრა აქვს ჩატარებული და მან იცოდა, რომ ხორვატ მარინ ჩილიჩთან რთული შეხვედრა ექნებოდა. ბედად, პირველ წრეში უზბეკ დენის ისტომინთან შეხვედრა იოლი გასეირნება აღმოჩნდა და 39 წლის შვეიცარიელმა ის მოთელვისთვის გამოიყენა.

ეს მოთელვა მას აშშ-ის ღიას ყოფილ ჩემპიონ ჩილიჩთან შეხვედრაში გამოადგა. განსაკუთრებით მაშინ, როცე ხორვატმა სეტებში ანგარიშის გათანაბრება შეძლო და მესამე სეტში, საქმე ტაიბრეიკამდე მიიყვანა. სწორედ ასეთ კრიტიკულ მომენტში, ფედერერმა ჯერ ტაიბრეიკზე იმარჯვა, მეოთხე სეტში კი მეტოქეს შანსი არ დაუტოვა - 6-2, 2-6, 7-6(4), 6-2.

„ჩემთვის ძალიან კარგი შეხვედრა იყო. მიხარია, რომ ეს შეხვედრა გავიარე. და ვიცი, რატომ მქონდა ჩავარდნა და აღმავლობა. მესამე სეტში, როცა მან ბრეიკზე ბრეიკით მიპასუხა, ჩემთვის სახიფათო სიტუაცია შეიქმნა. მერე თამაში გამოვასწორე და ბოლოს უპირატესობას მივაღწიე“, - ყვება ფედერერი, ვინც 2015 წლის შემდეგ, როლან გაროსზე პირველად ასპარეზობს.

ფედერერი არ მალავს, რომ ამ სეზონში მისი მთავარი მიზანი უიმბლდონია. საფრანგეთის ღია პირველობაზე, ის რაფაელ ნადალთან და ნოვაკ ჯოკოვიჩთან ერთად, ბადის ერთ მხარესაა. ეს კი მის შანსებს ძლიერ ამცირებს. მის ყველაზე ოპტიმისტ ფანებსაც კი გაუკვირდებათ, თუ შვეიცარიელი დიდი სლემის 21-ე ტიტულს როლან გაროსზე მოიპოვებს. მისი მომდევნო მეტოქე, რეიტინგში 59-ე ადგილზე მყოფი გერმანელი დომინიკ კიოპფერია.

0.136851