ფეხბურთი

21:32 | 3.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი ქვილითაია "აპოელის" ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია „აპოელში“ ითამაშებს. კვიპროსული გუნდის ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

ნიქოზიელებმა ქვილითაიას სატრანსფერო უფლებები ბელგიური „გენტიდან“ გამოსყიდეს და კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს.

„მივესალმებით გიორგის კვიპროსის უდიდეს გუნდში და ვუსურვებთ მრავალი ტიტულის მოგებას“, - წერს კვიპროსული გუნდის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, გიორგი ქვილითაიამ გასული სეზონი იჯარით ფამაგუსტას „ანორთოსისში“ გაატარა და 37 მატჩში 16 გოლი გაიტანა. „გენტში“ კი ის 2018-2020 წლებში თამაშობდა და 45 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მანამდე, გიორგი ვენის „რაპიდში“, „დინამო თბილისში“, გორის „დილაში“, უნგრულ „გიორში“ და „სასკო თბილისში“ ირჯებოდა. საქართველოს ნაკრებში მას 28 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი.

„აპოელი“ კვიპროსის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია: 28-ჯერ გახდა ჩემპიონი, 21-ჯერ თასი და 14-ჯერ სუპერთასი მოიგო, თუმცა გასულ სეზონში მხოლოდ მერვე ადგილის დაკავება შეძლო. ნიქოზიელები ევროთასებზე წარმატებით თამაშობენ, სამჯერ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ითამაშა (ბოლოს 2017-2018 წლების სეზონში), ხოლო 2011-2012 წლების სეზონში კი მეოთხედფინალში გასვლაც მოახერხა.

0.115874