საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთის ნაკრები დაამარცხა. ვლახებთან ძალიან ცუდი სტატისტიკა გვქონდა - 7 მატჩი, 6 მარცხი, კინკილა ფრე და ყველაზე მეტი, 19 გაშვებული გოლი.
ამდენად, ეს გამარჯვება უფრო მეტად ფასეულია. გამარჯვება, რომელიც ვილი სანიოლის ქართულ კარიერაში პირველია. ფრანგმა სპეციალისტმა გადახალისებული შემადგენლობა შეარჩია და დებიუტი ჰქონდათ ლაზარე კუპატაძეს და ირაკლი აზაროვს. პირველად იყო ძირითადში გიორგი მიქაუტაძეც.
პირველი ნახევარი საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა. დასაწყისში თორნიკე ოქრიაშვილი მაკრატელა დარტყმით ცდილობდა მეტოქის კარის აღებას, მაგრამ არ გამოუვიდა. ეს იყო ერთადერთი ნორმალური იერიში 45 წუთში, რომელიც სანიოლის გუნდს ჰქონდა. ბევრს ვერც რუმინელები ქმნიდნენ საინტერესოს, მაგრამ გოლთან ძალიან ახლოს იყვნენ. 36-ე წუთზე ჰაჯის ჯარიმა ხარიხას მოხვდა, შეტევა გაგრძელდა და ნედელჩარუ სამი მეტრიდან ურტყამდა, გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ლაზარე კუპატაძემ დიდებული რეაქცია გამოავლინა და საქართველო გადაარჩინა. 42-ე წუთზე რუმინელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. გრიგოლ ჩაბრაძის წინააღმდეგ ტანასემ იუხეშა და წითელი ბარათი მიიღო.
მეორე ტაიმში საქართველოს რიცხობრივი უპირატესობა 20 წუთი ჰქონდა. იქამდე, ანგარიშის გახსნა მოხერხდა. სანიოლმა თამაშში ოთარ კიტეიშვილი ჩართო, რომელმაც აზაროვიც დიდებული პასის მერე მარცხენა ფლანგზე არსებული სივრცით ისარგებლა, ცენტრისკენ შეიწია და ქუსლით დაუტოვა მიქაუტაძეს, რომელმაც ბურთი დასარტყმელად შეიგდო და გარეტერფით დიდებულად დაარტყა! ეს იყო მისთვის პირველი გოლი საქართველოს ნაკრებში. მალევე კიტეიშვილმა ისევ მარცხენა ფლანგზე სივრცე გამოიყენა და გოლთან ახლოს იყო, მაგრამ კარგი პოზიციიდან სუსტად დაარტყა და მეკარემ ადვილად აუღო.
გოლიდან 4 წუთში რუმინელებს ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცათ. სოლომონ კვირკველიამ იუხეშა საჯარიმოში, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. პენალტი კი, რაზვამ მარინიმ შეასრულა, მაგრამ კარს ააცილა და ანგარიში ვერ გაათანაბრა. 71-ე წუთზე საქართველომ უპირატესობა გაზარდა. საგოლე შეტევა გიორგი აბურჯანიამ დაიწყო და მანვე დაასრულა. მისთვისაც სადებიუტო გოლი იყო ეროვნული ნაკრების მაისურით. საგოლე პასი მას საბა ლობჟანიძემ გაუკეთა, რომელიც ასევე შეცვლაზე ჩაერთო თამაშში. ამრიგად, სანიოლმა შეცვლებიც გამოიცნო და ორივე საგოლე პასი ცვლილებაზე შესულმა ფეხბურთელებმა გააკეთეს.
78-ე წუთზე საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზი ჩავარდა და ივანმა ამით ისარგებლა - 1:2. მირელ რადოის გუნდს დრო ჰქონდა გასათანაბრებლად, მაგრამ ვერ გაათანაბრა. დარჩენილ დროში უფრო ახლოს გოლთან ქართველები იყვნენ, მაგრამ ბუდუ ზივზივაძეს ცოტა დააკლდა გატანამდე.
საბოლოოდ 2:1 საქართველოს სასარგებლოდ და რა თქმა უნდა, სასიამოვნო გამარჯვება იყო. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო სპარინგს 6 ივნისს, ენსხედეში, ნიდერლანდების ნაკრებთან ჩაატარებს.
რუმინეთი - საქართველო 1:2 (0:0)
პლოიეშტი, „ილიე ოანე“
რუმინეთი (4-3-3): ვლადი; კრსტიანი, ნედელჩარუ, კირიკეში, განეა; ოლარუ (კიკალდაუ 57), მარინი (სტანჩუ 77), მაქსიმი (ბედესკუ 58), ჰაჯი (კეშერუ 77), ალიბეკი (ივანი 58), ტანასე
მწვრთნელი: მირელ რადოი
საქართველო (4-3-3): კუპატაძე; ჩაბრაძე, ხოჭოლავა, კვირკველია, აზაროვი; კვეკევსკირი (კიტეიშვილი 57), დაუშვილი, აბურჯანია (გვილია 80); შენგელია (ლობჟანიძე 57), მიქაუტაძე (ზივზივაძე 81), ოქრიაშვილი
მწვრთნელი: ვილი სანიოლი
გოლები: 0:1 მიქაუტაძე (61), 0:2 აბურჯანია (71), 1:2 ივანი (78)
გამოუყენებელი პენალტი: მარინი (65, ააცილა)
გაფრთხილება: კვირკველია (49, 64)
გაძევება: ტანასე (42) - კვირკველია (64)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (5) – 11 (4) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 1:2
მსაჯი: ტასოს სიდიროპულოსი (საბერძნეთი)